17.აპრილი .2021 17:04

ლევან სურგულაძე ევრობონდების ემისიაზე: "წლიური კუპონი 2.75% არის ძალიან კარგი პირობა"

ლევან სურგულაძე ევრობონდების ემისიაზე: "წლიური კუპონი 2.75% არის ძალიან კარგი პირობა"
views 348
უკან

500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ახალი, 5-წლიანი ვადიანობის ევრობონდების ემისია, საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის კონიუნქტურის და ბაზარზე არსებული დაბალი საპროცენტო შემოსავლიანობის გარემოს გათვალისწინებით იყო დროული, ოპტიმალური და უპრეცედენტოდ წარმატებული - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სხვა ჩართული სუბიექტების მიერ დიდი და ეფექტიანად ჩატარებული სამუშაოს შედეგი, - ასე აფასებს საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან სურგულაძე საქართველოს მიერ ევრობონდების გამოშვებას.

როგორც სურგულაძე Facebook-ზე წერს, მოთხოვნა საქართველოს ახალ სუვერენულ საკრედიტო ინსტრუმენტზე 4-ჯერ აღემატებოდა დივერსიფიცირებულ მოთხოვნას საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისგან და მთლიანი ემისიის ნომინალური ღირებულებით (at par) განთავსება იყო ბუნებრივი.

სურგულაძე იმასაც აღნიშნავს, რომ დაფიქსირებული წლიური კუპონი 2.75%, რომელიც at par-ზე განთავსებისას, ინსტრუმენტის შემოსავლიანობის ტოლია, ძალიან კარგი პირობაა. ის ასევე ამ შედეგს ადარებს ერთი საფეხურით უკეთესი ან უარესი საკრედიტო რეიტინგის მქონე, რეგიონის ან სხვა ქვეყნების მიერ გამოშვებულ ანალოგიური (დარჩენილი) ვადიანობის სუვერენულ ობლიგაციებს.

"მაგალითად, სომხეთმა მიმდინარე წლის იანვარში მოახდინა 10-წლიანი ევროობლიგაციების ემისია, წლიური კუპონით 3.6%. იმის გათვალისიწინებით, რომ განთავსება დისკონტით მოხდა (ნომინალის 0.977 ნაწილი მიიღეს), შემოსავლიანობა 3.875%-ზე დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომელსაც, საქართველოს მსგავსად BB საკრედიტო რეიტინგი აქვს, გამოშვებული აქვს სუვერენული ობლიგაცია, რომლის დარჩენილი ვადიანობა 5 წელია, წლიური კუპონი 4.875%, ხოლო მიმდინარე შემოსავლიანობა 3.42%. უზბეკეთს, BB-საკრედიტო რეიტინგით, გამოშვებული აქვს სუვერენული ობლიგაცია 7 წელზე მეტი დარჩენილი ვადიანობით, წლიური კუპონით 5.375% და მიმდინარე შემოსავლიანობით 3.81%.
2021 წლის 15 აპრილისთვის ამერიკის ფედერალური რეზერვის საკრედიტო 5-წლიანი შემოსავლიანობის განაკვეთი გახლდათ წლიური 0.81%, რომელიც აღიარებულია, როგორც ურისკო განაკვეთი. სხვაობა საქართველოს ევრობონდების განთავსებისას დაფიქსირებულ წლიურ შემოსავლიანობასა და იმავე ვადიანობის (5 წელი) ფედერალური რეზერვის საკრედიტო შემოსავლიანობას შორის: 2.75% - 0.81% = 1.94% ან 194 ბაზისური პუნქტი განსაზღვრავს საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა რისკს, რომელიც ქვეყნის საკრედიტო რისკში აისახება. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია და ასახავს საერთაშორისო ბაზრის მონაწილეთა ოპტიმიზმს საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სტაბილურობის მიმართ", - წერს სურგულაძე.

მისივე თქმით, შესაბამისად, დროული იყო ამ ოპტიმიზმზე კაპიტალიზაცია და უპრეცედენტოდ იაფი და გრძელვადიანი ფულის მოზიდვა გლობალური კაპიტალის ბაზრიდან.

"ამ ქმედებას სხვა ბენეფიტებიც აქვს. საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ "ფეხს იკიდებს" გლობალურ კაპიტალის ბაზარზე, იქმნის საკრედიტო ისტორიას და მომავალში შეძლებს, საჭიროებისამებრ, კიდევ უფრო მეტ და კიდევ უფრო კარგ პირობებზე გრძელვადიანი კაპიტალის უპრობლემოდ მოზიდვას. იმავდროუალდ, უცხოელი ინსტიტუციური და მათ უკან მდგომი ინდივიდუალური ინვესტორები უფრო ახლოს გაიცნობენ ქვეყანას, რაც ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ ნდობისა და ინტერესის გაჩენას. ეს, თავის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის", - დასძენს ის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა