მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ არის სასიამოვნო და ხელს არ უწყობს ნდობის გაზრდას“ - სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან წასვლაზე

649ee48659dd2
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.23 19:45
822
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ, თანამდებობაზე დანიშვნიდან 2.5 წლის შემდეგ პოსტი დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, სადაც ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში მისი მისია დასრულებულია და საბანკო სფეროში გადაინაცვლებს. წასვლის მიზეზებზე გიორგი დანელია გამოქვეყნებულ პოსტში არ წერს.

აღსანიშნია, რომ გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს მეორე ხელმძღვანელია, რომელიც თანამდებობიდან გადადგა. პოსტიდან 2019 წლის დეკემბერში ასევე წავიდა მისი წინამორბედი ლევან სურგულაძე, რომელმაც გადადგომის გადაწყვეტილების გასაჯაროვებისთვის პრესკონფერენციის ფორმატი არჩია.

BM.GE საპენსიო სააგენტოს პირველ ხელმძღვანელს ლევან სურგულაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა - რა გავლენას იქონიებს საპენსიო სააგენტოს რეპუტაციაზე ზედიზედ მეორე ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა. ლევან სურგულაძე თვლის, რომ ცალსახად ეს არასასიამოვნო ფაქტია და სააგენტოსადმი ნდობის გაზრდას ხელს არ უწყობს.

„ცოტა გამიკვირდა. ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის პირველი პირი იყო. მას პირადად არ ვიცნობ, ალბათ, თუ საქმეს არ აკეთებინებდნენ და ღირსეული ადამიანი ხარ, ადგები და წახვალ.

წასვლას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს... მათ შორის პირადი მიზეზებიც, ან შესაძლოა, სხვაგან უკეთესი შეთავაზება მიიღო, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, საპენსიო სისტემის სტაბილურობაზე რეპუტაციულად ყოველ 2 წელიწადში დირექტორის ცვლილებამ, მაშინ როდესაც 5 წლით არის დანიშნული, გარკვეული არასტაბილურობის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს. არ არის სასიამოვნო და ხელს არ უწყობს ნდობის გაზრდას“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ და დასძინა, რომ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის ინტერესია, რომ ეს ფული სწორად იყოს განკარგული. „ნებისმიერი თანხას, რომელიც საინვესტიციოდ იდება დირექტორი აწერს ხელს და შეუძლია გააჩეროს თუ რაიმე არასწორად ხდება“, - აღნიშნა სურგულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები