საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებს ახალი პროექტების დაწყება უჭირთ.
როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ამის მიზეზი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობის ნეგატიური განწყობებია.
"ჩვენ გვახსოვს, რომ "ხუდონის" 700-მეგავატიანი მშენებლობა რომ დაიწყო, თქვეს, "ხუდონი" არ გვინდა და პატარა, 5-მეგავატიანი ელექტროესადგურები ავაშენოთო. დღეს მართლა კურიოზულ სიტუაციაში ვართ, გვეუბნებიან, რომ ეს 5-მეგავატიანიც არ ააშენოთ, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, უნდა გვქონდეს 100 ხეობაში პირობითად, 5-7 მეგავატიანი ელექტროსადგური, თუ ერთი "ხუდონი", რომელიც არის სტაბილური და ელექტროენერგიით მომარაგებას მაშინ უზრუნველყოფს, როდესაც ამას მოსახლეობა საჭიროებს.
ამ ორ წელიწადში აშენდა ის ჰესები, რომელთა მშენებლობა სამი-ოთხი წლის წინ დაიწყო და ბოლო ერთი წელია, მშენებლობა ყველას უჭირს. მთავარი რისკ-ფაქტორი აქ არის ადგილობრივი მოსახლეობის მიუღებლობა და ის ნეგატიური კამპანია, რომელიც სატელევიზიო ეთერებში მიდის ნებისმიერი ელექტროსადგურის მიმართ, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა გავლენა მოსახლეობაზე", - განაცხადა ვეფხვაძემ.
2018-2019 წლებში ექსპლუატაციაში 11 ჰიდროელექტროსადგური შევიდა - აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოითხოვა.
ამ 11 ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე 98,3 მგვტ-ია, საინვესტიციო ღირებულება კი - 210,7 მილიონი აშშ დოლარი.
2018-2019 წლებში ამუშავებული ჰესებია: "კასლეთიჰესი 2", "ბოდორნაჰესი", "ხეორიჰესი", "ჯონოული ჰესი 1", "კირნათი ჰესი", "სკკურდიდი ჰესი", "არაგვი 2 ჰესი", "ორო ჰესი", "მესტიაჭალაჰესი 2", "მესტიაჭალაჰესი 1" და "ავანიჰესი".
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში თითქმის 57%-ით შემცირდა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კი - 37%-ით.