საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მხარდამჭერი სქემის, მეორე CFD აუქციონის ტარიფები უნდა დაკორექტირდეს.
როგორც ლევან ვეფხვაძემ BMG-ს განუცხადა, ვიდრე ინვესტორებთან პირდაპირი კონტრაქტები გაფორმდება, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის შედეგებს კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს.
მისი თქმით, რიგ შემთხვევაში მედიანური ტარიფები არ შეესაბამება პროექტების რეალურ ღირებულებას, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ინვესტორმა ენერგოობიექტების განხორციელება ვერ შეძლონ.
„არის ტექნოლოგიები, სადაც ეს მედიანური ტარიფი არაადეკვატურია და არ შეესაბამება იმ რეალურ ღირებულებას, რომელიც შესაძლოა, ფაქტობრივად ინვესტორს ჰქონდეს. შესაბამისად, პროექტი ვერ იქნება საინტერესო საფინანსო ინსტიტუტისთვის და ალბათ უარს იტყვიან დაფინანსებაზე. ამიტომ ეს ნაწილი ალბათ გადასახედი იქნება და ერთად უნდა ვისაუბროთ ამაზე. ჰიდროელექტროსადგურების ნაწილში დაბალია მედიანური ტარიფი, იმიტომ რომ აუქციონში ძალიან ბევრი 2 მეგავატამდე სადგური შევიდა. 2 მეგავატამდე სადგურებს კი გარემოზე ზეგავლენის დოკუმენტი არ ესაჭიროებათ და დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებია მათი დაერთების ღირებულებაც. მათი ტარიფი ყოველთვის უფრო დაბალი იქნება. თუკი გადავხედავთ ამ აუქციონებს და გავყოფთ 2 მეგავატამდე სადგურებს და მის ზემოთ, ორი ტარიფი გამოვა და ამ ორი ტარიფით შეიძლება იყოს პირდაპირი კონტრაქტები. ეს იდეაა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ აუქციონებში შედიან ისეთი ტიპის მოთამაშეები, რომლებსაც ბევრი არ ესმით პროექტის ეკონომიკასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ბევრ პროექტს დაერთების ღირებულებაც არ აქვს დათვლილი და ამან გამოიწვია ტარიფების დავარდნა მეორე აუქციონში. ეს იყო ბუმი და ამ ბუმმა გამოიწვია არაადეკვატური ფასების დადება. მესამე აუქციონში შეიძლება უფრო უარესი მოხდეს, ამიტომ ჯობს, რომ გადავხედოთ ამ აუქციონებს და თუ სადმე გადასახედია ტარიფები, დავაკორექტიროთ. შესაბამისად, შემდეგ ინვესტორებთან უკვე ღია იქნება ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, მთავრობა სამომავლოდ CFD აუქციონების პირდაპირი კონტრაქტებით ჩანაცვლებას გეგმავს. ამასთან, კომპანიებთან კონტრაქტებში სწორედ მეორე CFD აუქციონის ფარგლებში დადგენილი მედიანური ტარიფები იქნება გათვალისწინებული.