საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ თურქეთთან ელექტროენერგიის ექსპორტის კვოტების გაზრდაზე შეთანხმებას მიაღწიოს.
როგორც ლევან ვეფხვაძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი დღეს არსებული კვოტის მოცულობა, 200 მეგავატი არ გაიზრდება, ჰიდროელექტოსადგურების ნაწილს გამომუშავების შეჩერება და რეზერვუარების დაცლა ანუ წყლის დაღვრა მოუწევთ.
ლევან ვეფხვაძის განმარტებით, არსებული კვოტის მოცულობა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ თურქეთში ამჟამად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირებულია, რადგან მეზობელი ქვეყანა არსებულ მოთხოვნას დიდწილად საკუთარი გენერაციის ობიექტებით აკმაყოფილებს.
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ აპრილის ბოლოდან ჩვენ ჭარბი ენერგორესურსები გვიჩნდება, მაისსა და ივნისში სრული დატვირთვით მუშაობს ჰიდროელექტროსადგურები. შესაბამისად, ეს ელექტროენერგია უნდა გავიდეს ექსპორტზე ან ჰესების ნაწილმა გამომუშავება უნდა შეაჩეროს და წყალი უნდა დაიღვაროს. ამ დროისთვის თურქეთთან არსებული შეთანხმებით, ელექტროენერგიის ექსპორტზე ზედა ჭერი გაზაფხულსა და ზაფხულში 200 მეგავატია. შარშან მოხერხდა და ეს კვოტა სამჯერ გაიზარდა. იმედია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამჯერადაც მოახერხებს თურქულ მხარესთან შეთანხმების მიღწევას და ეს კვოტა მინიმუმ 500 მეგავატამდე მაინც გაიზრდება, შესაბამისად, ჰესებსაც აღარ მოუწევთ გამომუშავების გაჩერება და ჭარბი წყლის დაღვრა.
რაც შეეხება ზოგადად საექსპორტო ბაზრებზე არსებულ ვითარებას, ამჟამად მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთსა და სომხეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირებულია და ფასებიც კლებადია, რადგან ამჟამად ისინი საკუთარი გენერაციის ობიექტებს ამუშავებენ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, შარშან საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 1.47 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც 51%-ით აღემატებოდა 2022 წლის მაჩვენებელს. ექსპორტიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 103 მლნ დოლარი შეადგინა. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო.
თუმცა ამჟამად თურქეთის ბაზარზე ენერგორესურსებზე მოთხოვნისა და ფასების კლების ფონზე, მოლოდინია, რომ წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდება.