ელექტროენერგია საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო პოზიციებს შორის მეათე ადგილზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 7 თვეში ქვეყანამ 48.6 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგია გაყიდა, რაც წლიურად 37.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ეს შესაძლოა ძირითად საექსპორტო ბაზარზე, თურქეთში ფასის კლებით აიხსნას. TBC Capital-ის თანახმად, მიუხედავად შემცირებული ფასებისა, ექსპორტის მოცულობები კვლავ ნარჩუნდება და საქართველოსთვის თურქეთი მიმზიდველ ბაზრად რჩება. ამიტომ, ორგანიზაციაში ელიან, რომ წელს ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად არ შემცირდება, თუმცა მკვეთრი კლება შემოსავლებში იქნება.
იანვარ-ივლისში ექსპორტზე გასული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი სწორედ საქართველოს უმსხვილესმა სავაჭრო პარტნიორმა ქვეყანამ, თურქეთმა იყიდა. საქსტატის 7 თვის მონაცემებით, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტმა 40 მილიონ 71 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 41%-იან კლებას ასახავს. ამ მაჩვენებლით, ფეროშენადნობების და ტრიკოტაჟის ნაწარმის შემდეგ, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტირებული მესამე უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე არსებული მონაცემებით, შედარებით მცირე მოცულობით, 5.9 მილიონი დოლარის ელექტროენერგია გავიდა სომხეთში, 2.6 მილიონი დოლარის კი აზერბაიჯანში.