2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წლიურად 7.2%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 587 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივ ექსპორტს ქვეყნის მთლიან ექსპორტში 44.9%-იანი წილი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტირებული საქონლის ნახევარზე მეტი, საქართველოში წარმოებული არ არის. რეექსპორტში #1 ადგილი ავტომობილებს უჭირავს, რომლის ექსპორტმაც წელს $1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ქართული პროდუქციის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია, სწორედ მასზე მოდის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის მეხუთედზე მეტი. საქსტატის მონაცემებით, 7 თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.5% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:
- რუსეთი - $325.8 მლნ;
- თურქეთი - $258.9 მლნ;
- ჩინეთი - $156.9 მლნ;
- სომხეთი - $83.6 მლნ;
- აშშ - $81.7 მლნ;
- აზერბაიჯანი - $69.3 მლნ;
- შვეიცარია - $58.4 მლნ;
- უკრაინა - $50.2 მლნ;
- ყაზახეთი - $42.8 მლნ;
- ბულგარეთი - $38.7 მლნ.
2024 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია წარმოდგენილი 201.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 173.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.9%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 117.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4%). ათეულში ასევე შედის:
- ფეროშენადნობები - $201 მლნ;
- ღვინოები - $173.7 მლნ;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $117 მლნ;
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $96.8 მლნ;
- წყლები, მინერალურის და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $74.9 მლნ;
- აზოტოვანი სასუქები - $73.021 მლნ;
- სპირტიანი სასმელები - $65.2 მლნ;
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $58.3;
- მაისურები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - $55.4 მლნ;
- ელექტროენერგია - $48.6 მლნ.