თურქეთში ფასების დასტაბილურების ფონზე, მიმდინარე წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობაში მნიშვნელოვანი კლება არ იქნება, - ამის შესახებ TBC Capital-ში აცხადებენ.
როგორც BMG-ის ორგანიზაციის უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, ანდრო თვალიაშვილმა განუცხადა, მიუხედავად წლიურ ჭრილში ფასების შემცირებისა, ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასები მზარდია და ივლისში კვტ.სთ-ზე 7 ცენტსაც გადააჭარბა.
მისი თქმით, ეს გარემოება იმას განაპირობებს, რომ ქართული გენერაციის ობიექტებისთვის თურქეთის ბაზარზე ექსპორტი კვლავ საინტერესოა და მიმდინარე წლისთვის ელექტროენერგიის ექსპორტში მოცულობის მხრივ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შემცირება არ დაფიქსირდეს. თუმცა მოლოდინია, რომ წლიურად ფასების შემცირების ფონზე, მკვეთრი კლება იქნება ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში.
„ერთ წელზე მეტია, რაც თურქეთში ელექტროენერგიის ფასები მცირდება. თუმცა თუკი ბოლო თვეებს შევხედავთ, ფასების შემცირების ტემპი შენელებულია და თვიურ ჭრილში ზრდაც ფიქსირდება. ივნისში წლიურად ფასი 7%-ითაა შემცირებული, თუმცა ივნისში მაისთან შედარებით მცირედი ზრდა უკვე დაფიქსირდა და ერთ კილოვატსათზე ფასმა 6.6 ცენტს მიაღწია, ასევე ივლისში ელექტროენერგიაზე ფასმა 7 ცენტსაც გადააჭარბა. შესაბამისად, მიუხედავად წლიურ ჭრილში შემცირებული ფასებისა თურქეთის ბაზარზე, ექსპორტის მოცულობა თითქმის იმავე დონეზეა შენარჩუნებული და წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მხოლოდ 4%-ითაა შემცირებული. თუმცა შემცირებული ფასების ეფექტი იმაში აისახა, რომ თანხობრივად მიმდინარე წლის 5 თვეში თითქმის 40%-ით ნაკლებით შემოსავალი მივიღეთ.
ჩვენი შეფასებით, ივნისში დაახლოებით 300 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ექსპორტი განხორციელდა, ეს მონაცემები უახლოეს დღეებში დაზუსტდება. მთავარია ისაა, რომ მიუხედავად შემცირებული ფასებისა, ექსპორტის მოცულობები კვლავ ნარჩუნდება და საქართველოსთვის თურქეთი კვლავ მიმზიდველ ბაზრად რჩება. პირველი ხუთი თვის მონაცემებიდან გამომდინარე, ველოდებით, რომ ექსპორტის მოცულობებში დიდი ცვლილება არ იქნება და შარშანდელ მაჩვენებელთან ახლოს ვიქნებით, თუმცა თანხაში სხვაობა საკმაოდ მოცულობითი იქნება და ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალში მაინც მნიშვნელოვანი კლება იქნება“, - განაცხადა ანდრო თვალიაშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან სულ 397 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურ ჭრილში 4%-იანი კლებაა. თუმცა ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებში მკვეთრი, 38%-იანი კლება ფიქსირდება. თუკი შარშან ხუთ თვეში ამ მიმართულებით ქვეყნის შემოსავალმა 30.8 მლნ დოლარს მიაღწია, წელს ამავე პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მთლიანობაში შემოსავალმა 19.1 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან, შარშან საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 1.47 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც 51%-ით აღემატებოდა 2022 წლის მაჩვენებელს. ექსპორტიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 103 მლნ დოლარი შეადგინა. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო. ამჟამად თურქეთის ბაზარზე ენერგორესურსებზე ფასების კლების ფონზე, მოლოდინია, რომ წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდება.