მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში გაყიდული ელექტროენერგიის სანაცვლოდ საქართველომ $51.7 მლნ მიიღო - ექსპორტი შემცირდა

ელექტროენერგიის  გადამცემი ხაზი

მიმდინარე წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა იკლო. TBC Capital-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის პირველ რვა თვეში ექსპორტირებულია 1,044 გვტ.სთ. ელექტროენერგია, რაც წლიურად 22%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

კიდევ უფრო დიდია კლება ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალში. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ საქართველომ 51.7 მლნ აშშ დოლარის მიიღო, რაც საქსტატის მონაცემებით წლიურად 42%-ით შემცირებული მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს ექსპორტის მიმართულებით არსებული ტენდენცია მთავარ საექსპორტო ბაზარზე, თურქეთში ელექტროენერგიის გაიაფებას უკავშირდება. თუ 2022 წელს თურქეთში კვტ.სთ. ელექტროენერგიის წლიური საშუალო ფასი 15.1 ცენტი იყო, 2023 წელს ფასი 9.8 ცენტამდე, წელს კი 5-6 ცენტის ნიშნულამდე შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის ექსპორტის სანაცვლოდ 43 მლნ აშშ დოლარი თურქეთისგან მივიღეთ. ამასთან, ელექტროენერგია საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში მე-10 უმსხვილესი კატეგორიაა.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, 8 თვეში 3.6 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგიაა იმპორტირებული. აღსანიშნავია, რომ აქედან ნაწილი რუსეთიდან აფხაზეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განხორციელებულ იმპორტს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები