2024 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 6.2%-ით შემცირდა და 1,373 გვტ.სთ. შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
პუბლიკაციის თანახმად, გენერაციის კლების ძირითადი ნაწილი მარეგულირებელ სადგურებზე მოდის. ჰიდროსადგურების გამომუშავება 22%-ით შემცირდა, თბოსადგურების გენერაცია კი 37%-ით გაიზარდა, 6.1%-ით გაიზარდა ქარის სადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა.
რაც შეეხება მოხმარებას, აგვისტოში წლიურად 4%-ით გაიზარდა და 1,261 გვტ.სთ.-ს მიაღწია.
"საცალო სექტორის მოხმარება მიმდინარე წელს პირველად შემცირდა 0.9%-ით, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში ზრდა 25.5%-ია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება აგვისტოში წლიურად 5%-ით შემცირდა",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.
TBC Capital-ის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებულია 59 გვტ. სთ. ელექტროენერგია, თურქეთი კი კვლავ ძირითად ბაზარს წარმოადგენდა. 2024 წლის პირველ 8 თვეში კი საქართველოდან ექსპორტზე სულ 1,044 გვტ.სთ. ელექტროენერგია გავიდა, რაც წლიურად 22%-იანი კლებაა. იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის ექსპორტით საქართველომ 51.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ამასთან, საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.75 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 10.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.