მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე: შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ქვეყნის სპეციფიკას არ ითვალისწინებს

5da5f4e6e308f
თელარა გელანტია
15.10.19 22:00
1752
"დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა მოხდეს ამ ბალანსის დარღვევა", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც შემოთავაზებულია, არ ითვალისწინებს ქვეყნის სპეციფიკას და არ იძლევა ლავირების საშუალებას.

„ჩვენთვის ამოსავალია რამდენიმე პრინციპი. პირველი პრინციპი არის ის, რომ დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა იყოს დაბალანსებული და არ უნდა მოხდეს ამ ბალანსის დარღვევა. შესაბამისად, ბალანსის დარღვევისას შეიძლება მივიღოთ მოცემულობა, როდესაც ბიზნესს აქვს პრობლემა და ბიზნესის პრობლემა გარდაისახება ეკონომიკის შეფერხებაში, სამუშაო ადგილების დაკარგვაში და ა.შ. მეორე - ბალანსი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ საერთაშორისო გამოცდილებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულად ჩვენს ინტეგრაციას და ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ამასთანავე, აქ გასათვალისწინებელია ევროკავშირის დირექტივა, რომელთანაც მიერთების ვალდებულება ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებსა და დათქმებს. საქმე ისაა, რომ ქვეყნები თავისი ეკონომიკური დონისა ან სპეციფიკიდან გამომდინარე ითვალისწინებენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს. სწორედ ამის მიხედვით ითხოვენ ისინი ამ გამონაკლისებსა და დათქმებს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ის ასევე მიიჩნევს, რომ მთავარია, განისაზღვროს, სად ვართ, როგორ უნდა განვვითარდეთ და ამის მიხედვით მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის დონე, განვითარების დონე, სპეციფიკა, რომელიც ქვეყანას აქვს და ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები