მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები ახლავს ცვლილებებს შრომის კოდექსში? – „დამსაქმებელთა ასოციაციის“ განმარტება

6425819f0431c
თინათინ ნატმელაძე
30.03.23 20:44
547
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ შრომითი კოდექსის ცვლილებების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომელშიც სხვადასხვა სექტორის წარმომადეგენელი 309 კომპანია მონაწილეობდა.

როგორც ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ აბუთიძე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას ამბობს, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შრომით კოდექსში შეტანილი ცვლილებების განხორციელებისა და ე.წ. ტაბელების წარმოების პროცესში ზოგიერთი სექტორის წარმომადგენლებს ერთგვარი დაბრკოლებები ექმნებათ.

„სამუშაო დროის აღრიცხვის მეთოდი, თვითონ ფორმაც და საკანონმდებლო რეგულიაციაც, მთელი რიგი მიმართულებებით გაუგებარია. ცვლილება გულისხმობს, იმ სექტორებში, სადაც შეუძლებელია სამუშაო დროის აღრიცხვა, გათავისუფლებული არიან ამ ვალდებულებისგან, მაგრამ კანონმდებლობაში არსადაა მითითებული კონკრეტულად რომელ პროფესიებზეა საუბარი. ეს ჩანაწერი არის ბუნდოვანი, იმიტომ რომ, შეიძლება ნებისმიერმა ბიზნესმა იფიქროს, რომ მათაც ეხებათ ეს ცვლილება, თუმცა შემდეგ ინსპექტირების დროს შრომის ინსპექციას სხვა მოსაზრება ჰქონდეს.

ბევრი მიმართულება არსებობს, სადაც შეუძლებელია სამუშაო დროის აღრიცხვა - სამედიცინო სექტორი, ჟურნალისტები, დისტრიბუცია და თუნდაც დისტანციურად მომუშავე ადამიანები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წინააღმდეგები არ ვართ, პირიქით - უნდა ანაზღაურდეს ეს საათები, თუმცა აღრიცხვის ფორმა უნდა იყოს მოსახერხებელი და მოქნილი“, - განაცხადა ნიკოლოზ აბუთიძემ.

სამუშაოს დროის აღრიცხვის გარდა გამოწვევები გამოიკვეთა შესვენების დროის გამოყენებისა და ანაზღაურების ჩარიცხვის პროცესებშიც.

„ქალაქგარეთ არსებულ საწარმოებში დასაქმებული ადამიანები შესვენებას ვერ იყენებენ, რადგან გარშემო არ არსებობს ისეთი ობიექტი, სადაც სამსახურიდან გასვლას ახერხებენ, ამიტომ მათი მოთხოვნაა, რომ შესვენების დროის ვერ გამოყენების შემთხვევაში სამუშაო სივრცე ერთი საათით ადრე დატოვონ, რასაც შრომის ინსეპქცია არ თანხმდება. ასევე, მოთხოვნაა, რომ ყოველი თვის ხელფასი იმავე თვეში ჩაირიცხოს, თუმცა არსებობს სექტორები, რომლებიც საბონუსე სისტემაზე მუშობენ და ამას ვერ ახერხებენ“, - ამბობს ნიკოლოზ აბუთიძე.

მისივე ცნობით, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ აღნიშნული პროცესების გასამარტივებლად სახელმწიფოსთან კომუნიკაციას აგრძელებს და მათთვის ცვლილებების შეთავაზებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები