მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლილო მოლი“ 26 და 27 დეკემბერს მუშაობის უფლებას ითხოვს - კომპანიის განცხადება

5fe339920d1eb
თელარა გელანტია
23.12.20 16:32
16299
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, 24 დეკემბრიდან სავაჭრო ცენტრები/მოლები იხსნება, მაგრამ ბაზრობები - არა. მთავრობამ გახსნის უფლება არც "ლილო მოლს" მისცა. დღეს ბაზრობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. რამდენიმე წუთის წინ კი, კომპანია “ლილო მოლმა“ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 28 ნოემბრიდან გამოცხადებული წერტილოვანი შეზღუდვების 2 თვიანი გეგმა, მუხედავად იმისა, რომ იყო უდიდესი დარტყმა ჩვენი ბიზნესისათვის, კომპანია “ლილო მოლი“ და ჩვენს სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ათასობით მეწარმე გაგებით მოვეკიდეთ შექმნილ მდგომარეობას და ჩვენი საქმიანობა მთლიანად გადაეწყო ამ გეგმით გათვალისწინებულ ვადებზე და იმ მოლოდინით, რომ იყო პირობა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო სექტორისთვის შეზღუდვების მოხსნაზე, ჩვენმა მეწარმეებმა განახორციელეს ასობით მილიონი ლარის ზამთრის სეზონის საქონლისა და საახალწლო პროდუქციის იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო ერთი კვირა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესს მიეღო ამ პერიოდისათვის ჩვეული მოგება, ეს იქნებოდა იმ აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება ყოველი კონკრეტული მეწარმისათვის, რაც მომავალი წლის პირველი ურთულესი თვეების განმავლობაში მისცემდა სრული განადგურებისგან დაცვისა და გადარჩენის საშუალებას.

საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენთვის არის აუხსნელი და გაუგებარი, გამოავლინა დისკრიმინაციული ხასიათი ამ სექტორში დასაქმებულ მეწარმეთა ერთი ნაწილის ათასობით სუბიექტის მიმართ, რომლებიც დადგნენ იმ საშიშროების წინაშე, რომ მათ მიერ შემოტანილი საქონელი საერთოდ დარჩეს გაუყიდავი ფაქტიურად ერთი წლის მანძილზე, რაც შესაძლებელია მათი საქმიანობის დასასრულის წინაპირობად იქცეს.

ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს უკან მდგომი მეწარმეების სამომავლო მდგომარეობის თაობაზე და თხოვნით მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს, რათა ეპიდსაწინააღმდეგო სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვის პირობებში, უახლოეს შაბათ-კვირას, 26 და 27 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღით მოიხსნას ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვები, მოგვეცეს სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა, რა დროსაც მეწარმეებს მიეცემათ საქონლის ამოყიდვის საშუალება თუნდაც მინიმალური ოდენობით.

ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ იანვარში დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნის დროსაც არ მოხდება მსგავსი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის ამ სექტორის მეწარმეთა ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.