მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლუკა პოლარე" საერთაშორისო ბაზარზე გადის - სად გაყიდის კომპანია ფრენჩაიზს?

5e6639a322e9c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.20 23:44
5250

ჯელატოს სახეობის ნაყინის პირველი ქართული წარმოება „ლუკა პოლარე“ წარმოების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოების დაწყებას მეზობელი ქვეყნებიდან გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანი ციცქიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნაყინის წარმოების გაფართოება მხოლოდ მეზობელი ქვეყნებით არ შემოიფარგლება და „ლუკა პოლარეს“ მიმდინარე გეგმაში ევროპის ბაზარზე გასვლაა.

„ლუკა პოლარეს” ქართულ ბაზარზე 11 წელი შეუსრულდა და ვფიქრობთ, ბრენდი მზად არის იმისთვის, რომ საერთაშორისო სტატუსი მიიღოს. აქტიურად მიდის მუშაობა დასავლეთ ევროპის მიმართულებით, მანამდე „ლუკა პოლარეს“ ბრენდის ქვეშ ობიექტები მეზობელ ქვეყნებში გაიხსნება“, - ამბობს „ლუკა პოლარეს“ წარმომადგენელი.

წარმოების გაფართოების პირველ ქვეყნებად აზერბაიჯანი და სომხეთი განიხილება. კომპანია ფრენჩაიზს თითოეულ ქვეყანაში 10 000 დოლარად გაყიდის და პარტნიორებს გარკვეულ ვალდებულებებსაც დააკისრებს.

„პარტნიორის მხრიდან თითოეულ ქვეყანაში 2 წლის მანძილზე 300-450 ათას დოლარის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. პარტნიორებმა თავის ქვეყანაში ამ თანხის ფარგლებში უნდა ააშენონ საწარმო, დაიწყონ წარმოება და გახსნან 4 კაფე-სანაყინე. გარდა ამისა, ფრენჩაიზის უფლება ქვეყანაზე 10 000 დოლარად გაიყიდება; ამასთან, ჩვენმა პარტნიორმა თითოეულ მაღაზიაზე ერთჯერადად 5 000 დოლარი უნდა გადაიხადონ. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და ვფიქრობთ, 2020 წელს მინიმუმ ერთი ქვეყანა დაგვემატება, თუმცა რომელი ქვეყანა იქნება პირველი, ჯერ ვერ გეტყვით“, - განაცხადა ანი ციცქიშვილმა.