მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკოილს” თაღლითობაში ადანაშაულებენ - მომხმარებლები ტალონებით შეძენილ საწვავს ვერ ანაღდებენ

611a61c18a630
ვიქტორია მღებრიშვილი
16.08.21 20:00
7572
ფიზიკური პირები და კერძო კომპანიები „ლუკოილის“ ბარათებით საწვავს ვეღარ ანაღდებენ, მიუხედავად იმისა, რომ თანხა უკვე გადახდილი აქვთ. როგორც „ლუკოილ-ჯორჯიაში“ განმარტავენ, ამის მიზეზი კომპანია „უნიგრუპთან“ გაწყვეტილი ხელშეკრულებაა, რომელიც უშუალოდ აფორმებდა მესამე პირებთან ხელშეკრულებას საწვავის გაყიდვაზე. "ლუკოილში" ამბობენ, რომ აღნიშნულ კომპანიას მათ წინაშე მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს დაგროვილი. 

მიუხედავად ამ განმარტებისა, დაზარალებული მოქალაქეები და ბიზნესსუბიექტები კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიას“ თაღლითობაში ადანაშაულებენ და მათ მიერ შესყიდული საწვავის მიღებას ითხოვენ.
 
ამ მოთხოვნით BM.GE-ის მოქალაქე, ფიზიკური პირი რამაზ ზაქარიაძე დაუკავშირდა. მისი თქმით, ფეისბუქში შეიქმნა ჯგუფი, სადაც დაზარალებული კომპანიები და ფიზიკური პირები ერთიანდებიან, რათა ნავთობიმპორტიორ კომპანიას მათი კუთვნილი საწვავის მიღება მოსთხოვონ. მისივე განმარტებით, დაზარალებულებს საწვავის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კომპანია „უნიგრუპთან“ ჰქონდათ გაფორმებული და მის ღირებულებასაც ამ კომპანიის ანგარიშზე რიცხავდნენ.

„დიდი ხანია რაც „ლუკოილის“ საწვავს მოვიხმარ, ამიტომ კომპანიის ოფისში გავაფორმე ხელშეკრულება „უნიგრუპთან“, მათ დაგვიმზადეს „ლუკოილის“ ბარათები და ამ ბარათების მეშვეობით შეღავათებით ვყიდულობდი საწვავს. დღემდე ამ გზით საწვავის ჩასხმისას პრობლემა არ შემქნია. რამდენიმე თვეა არ მისარგებლია მათი მომსახურებით და როდესაც გადავწყვიტე საწვავის „ლუკოილის“ სადგურზე ჩასხმა მითხრეს, რომ ბარათები უფუნქციოა და მე ამ საწვავს ვეღარ მივიღებდი. არადა ბარათზე 100 ლიტრამდე საწვავია კიდევ დარჩენილი.

აღმოჩნდა, რომ ჩემს მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანიაა, ისინი ბარათებზე არსებულ ნაშთებს ვერ ითვისებენ, რადგან როგორც თავად კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიას“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა „ლუკოილმა“ კომპანია „უნიგრუპთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა და საწვავის დაზარალებული მოსახლეობისთვის დაბრუნებაც სწორედ მათ უნდა მოვთხოვოთ.

დაზარალებულები ვთვლით, რომ ამით „ლუკოილი“ თავიდან ირიდებს თავის ვალდებულებას. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ ვახერხებთ „უნიგრუპთან“ დაკავშირებას. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია ბრძოლის სხვა გზებს მივმართოთ. კომპანიებს შორის გაწყვეტილი ხელშეკრულება ჩვენზე, მომხმარებელზე მოქმედებს. ჩვენ კი ძალიან ბევრნი ვართ“, - ამბობს დაზარალებული რამაზ ზაქარიაძე.

BM.GE-მ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კითხვებით „ლუკოილ-ჯორჯიასაც“ მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.