მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია გაკოტრდა - სად ეძებს გამოსავალს საპარტნიორო ფონდი

5e04811aaf599
შოთა ტყეშელაშვილი
26.12.19 14:36
12277
საქართველოს “საპარტნიორო ფონდში” დღეს, 15:00-ზე გაიმართება საჯარო აუქციონი, რომელზეც ფონდი კომპანია Vanrik Agro-ს მიმართ ვალდებულების მოთხოვნის უფლება უნდა გასხვისდეს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ Vanrik Agro გაკოტრების რეჟიმშია, 2019 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მასში გაკოტრების მმართველიც დანიშნა.

“საპარტნიორო ფონდმა” "ვანრიკ აგროში" ინვესტიცია 2015 წელს ჩადო. $6.7 მილიონის ინვესტიციით, ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 70 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა, ამასთანავე აშენდა მოცვის გადამამუშავებელი საწარმო. წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გადიოდა. საპარტნიორო ფონდის განცხადებიდან ირკვევა, რომ Vanrik Agro-ს ფონდის მიმართ 4 მილიონ დოლარზე დიდი ვალდებულება აქვს.

"საპარტნიორო ფონდის" შეფასებით, Vanrik Agro-ში არსებული პრობლემები არასწორ მენეჯმენტს (კომპანიაში ირაკლი ფარცვანიას საქმიანობას) უკავშირდება, კონკრეტულად კი კომპანიის პარტნიორის მიერ არ განხორციელდა კომპანიაში დაგეგმილი ფულადი შენატანები, ამასთანავე ფონდს კომპანიის მიერ არ მიეწოდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური დოკუმენტაცია, კომპანიის მიერ არ ხდებოდა გადასახადების მომსახურება, დაგროვდა სახელფასო და სხვა ტიპის დავალიანებები, 2017 წლიდან კი კომპანია საბანკო სესხებს ვეღარ ემსახურებოდა.

ამასთანავე, "საპარტნიორო ფონდი" აცხადებს, რომ კომპანია ვითარების გამოსასწორებლად მიცემულ რეკომენდაციებსაც არ ითვალისწინებდა. მეტიც ირაკლი ფარცვანიას მმართველობის პერიოდში გამოვლინდა კომპანიისათვის საზიანო გარიგებები, მათ შორის ფარცვანიასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებთან, რომელთაგან ზოგიერთი გარიგება იმდენად საეჭვოა, რომ შესასწავლად გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში.

Vanrik Agro-ს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. დოკუმენტცის მიხედვით, კომპანია ზარალზეა. გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 602,956 ლარი შეადგინა, მთლიანი ზარალი კი, 907,374 ლარი იყო.

ანგარიშგების მიხედვით, საპარტნიორო ფონდს კომპანიის 40%-იანი წილი ეკუთვნის, დანარჩენ წილებს კი, ირაკლი ფარცვანია - 30% და ვიქტორია ფარცვანია - 30% ფლობენ.

“საპარტნიორო ფონდის” განცხადება Vanrik Agro-ს ვალდებულებების მოთხოვნის უფლების გასხვისებაზე.

“ვანრიკ აგროში” საპარტნიორო ფონდის წილი 42%-ია, ფონდისთვის დასაბრუნებელი თანხა კი, 4 მლნ დოლარამდეა.

აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #:117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686.

ცნობისთვის: სს „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიის მფლობელობაშია ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 326 ჰა-ი მიწის ნაკვეთი, ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციით და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.

“საპარტნიორო ფონდის“ მიერ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხსენებული აუქციონი გამოცხადდა ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის გასხვისებაზე. აუქციონში გამარჯვებული პირისთვის აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს სს „ვანრიკ აგროს“ აქტივების შეძენის დაფინანსების საშუალებას. აუქციონის საწყისი თანხა შეადგენს 12 მლნ ლარს, რომლის გადახდის პირობები მოცემულია ხელშეკრულების პროექტში და ის გადაეცემა დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, აუქციონის საჯარო განცხადებაში არსებული წესის შესაბამისად. აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო ფასის გადახდა, ხელშეკრულების თანახმად, გადანაწილებულია 7 წელზე”, - აცხადებენ ფონდში.

საჯარო აუქციონი დღეს, 15:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები