14.აპრილი .2021 17:58

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე რისკები შემცირებულია - ირაკლი ბენდელიანი

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე რისკები შემცირებულია - ირაკლი ბენდელიანი
views 263
უკან

"მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილსის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე მონიტორინგის შედეგად რისკები შემცირებულია.

„სამუშაოები, რაც ბოლო კვირებში განხორციელდა ისაა, რომ დიდი მოცულობის მიწის მასა მოიხსნა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყრის ტანის შემცირებას. მიზანი იყო, რომ მეწყრული არეალიდან დატვირთვა მოგვეხსნა და მეწყერული მასის გადაადგილება შეგვემცირებინა. ასევე, მოჭრილი მიწის მასით ე.წ. წინაღობა შეიქმნა, გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია. ამის მიზანი იყო, რომ ხახუნის ძალა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ის იყო, რომ დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ არსებული ვითარება. ის, რომ რისკები დღეს უფრო მეტადა შემცირებულია, ვიდრე სამი კვირის წინ იყო, მონიტორინგის და დაკვირვების შედეგია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შპს სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს წარმომადგენელ პეტერ ნიუმანის განცხადებით, აუცილებელია ყველამ გაითავისოს, რომ პირველ რიგში ჩატარდა გადაუდებელი სამუშაოები.

„ჩვენ პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, მივიღეთ გადაუდებელი ზომები. უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი მოვლენა არის დინამიური და ცოცხალი ორგანიზმის მქონე. აუცილებელია სწრაფი ზომების მიღება. არ არის გათვლებისა და გეგმების დასახვისთვის საკმარისი დრო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განგვეხორციელებინა სხვადასხვა ღონისძიებების კომბინაცია. მათ შორის მასების ნაწილის ამოღება-მოხსნა, ჩატარდა გარკვეული გამაგრების და გაბურღვის სამუშაოები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალების ამოვსება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უკანასკნელის თაობაზე გამართული დისკუსია იყო უადგილო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაპრალების ამოვსება, რომ იქ არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს პროცესი. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო“, - განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, სამუშაოები არის ორად გაყოფილი. პირველია გადაუდებელი აუცილებლობის, ხოლო მეორე ემსახურება სტაბილიზაციასა და მეტ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

მისივე თქმით, უკვე დაიგეგმა მეორე ეტაპის სამუშოებიც, რისთვისაც დეტალური ექსპერტული პროექტია საჭირო.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ის მზად უახლოეს პერიოდში იქნება და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება გამაგრების სამუშაოები.