მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მადლობა ირაკლი ზარქუას“ – წალენჯიხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ისარგებლებს

628cd9b232973
თელარა გელანტია
24.05.22 23:00
7980
ქალაქ წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას ინფორმაციით, წალენჯიხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობას შეძლებს.

საუბარია 644 000 ლარზე, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ის 1-ელ მაისამდე უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ მერიამ საკრებულოს დაგვიანებით მიმართა და საკრებულომ 11 მაისამდე საკითხის განხილვა ვერ მოახერხა, რის გამოც პროგრამას საფრთხე შეექმნა.

რამდენიმე დღის წინ კი, პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთი რეგიონული ტურნეს დროს თქვა, რომ ცენტრალური ხელისუფლება წალენჯიხელებს სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის საშუალებას მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ მათმა მერმა ვადები დაარღვია.

ვადების დარღვევას ადასტურებს წალენჯიხის მერიც, მაგრამ ირწმუნება, რომ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული და ამასთან დაკავშირებითაც, მერიაში დისციპლინარული მოკვლევის შესახებ ბრძანება გამოსცა.

ამასთან, გიორგი ხარჩილავა მადლობას უხდის „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას, რომელიც წარმოშობით წალენჯიხელია და მისი თქმით, „პროცესს დადებითი ბიძგი მისცა“.

„საბოლოო ჯამში, ცენტრალურ მთავრობასა და თვითმმართველობას შორის კონსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში, ყველაფერი გადაწყდა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.

რეალურად, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს. მსგავსი საკითხები, ზოგადად, ჩვეულებრივი წერილით გვარდება მინისტრსა და მერს შორის. პოლიტიკურ ველზე ასეთი თემები მაშინ ინაცვლებს, როდესაც საკითხი ვერ გადაწყდება, მაგრამ მიხარია, რომ იმუშავა კონსტიტუციამ და კანონმა. მივესალმები ცენტრალურ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ადგილობრივ მთავრობას შორის კონსტიტუციის ფარგლებში ურთიერთობას. მივესალმები ამ წესრიგს.

ასევე, მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომ მაქვს უამრავი წინადადება, რომელიც ჩვენი ასეთი თანამშრომლობით წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ძალიან სწრაფად წასწევს წინ.

მინდა მადლობა ვუთხრა დეპუტატ ირაკლი ზარქუას, რომელიც ღირსეულად და სწორად ჩაერთო ამ პროცესში და ბიძგი მისცა... ყველა კეთილ ჩართვას, რომელიც საერთო საქმეს წაადგება, მივესალმები და როგორც გულწრფელი პოლიტიკოსი, ყოველთვის დავადასტურებ“, - განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.