წუხელ ღამით წალენჯიხის მერიამ მდინარე "მაგანას" ხეობასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას მდინარის ნაკადის შემცირების გამო სახლების დატოვებისკენ მოუწოდა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ხეობაში წყალი გუბდება და გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. წუხელ ღამითვე წალენჯიხის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება და დღეიდან ამ პროცესში სპეციალისტებიც ჩაერთვებოდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით Bm.ge წალენჯიხის მერის პირველ მოადგილეს, ივანე ბურდულს დაუკავშირდა. მისი თქმით, პირველადი დათვალიერებით მაღალი საშიშროება გამოვლენილი არ არის, თუმცა მონაცემები სპეციალისტებთან გაგზავნილი აქვთ.
“საფრთხის ეჭვი გაჩნდა იქიდან, რომ მდინარე "მაგანამ" შედარებით დაიკლო, ცოტა მოდიოდა. ამიტომ გვქონდა ეჭვი, სადმე ხომ არ იყო ჩახერგილი და ხომ არ გუბდებოდა. ეს ტერიტორია ასეთია, წლების განმავლობაში ნაწილობრივ გუბდება წყალი, გამდინარეც არის, რაღაც ტერიტორიაზე ჩერდება, მაგრამ მსგავსი წვიმების ფონზე შესაძლოა, უფრო მეტად ჩაიხერგოს ხეობა ან წყალი დაგუბდეს.
ამიტომ ჩვენ დავიწყეთ რეაგირება, ჩავრთეთ გუბერნია, იყვნენ ამოსულები, დრონებით დაათვალიერეს. ფეხით რთულად მისადგომი ადგილია, ცენტრალური გზიდან დაახლოებით 2 კილომეტრია და ამ ეტაპზე, მაღალი საშიშროება არ გამოვლენილა, იგივე დონეზეა. თუმცა, ბუნებრივია, ჩართულობას მაინც საჭიროებს, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ როგორი ნალექი მოვა არავინ იცის, ვგეგმავთ, რომ როგორც კი შეწყდება წვიმა, მაშინვე ჩატარდეს სამუშაოები. მონაცემები გაგზავნილი აქვთ სპეციალისტებს, დაამუშავებენ და გვეტყვიან, რა იქნება გასაკეთებელი. რადგან ტექნიკა ვერ იმუშავებს, ხელით იქნება ძირითადი სამუშაო ჩასატარებელი”, - ამბობს ივანე ბურდული.
რაც შეეხება ხეობის მოსახლეობას, წალენჯიხის მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ დასახლებული პუნქტი მდინარის კალაპოტიდან შორსაა, თუმცა მოსახლეობა გაფრთხილებულია პოტენციურ საფრთხეზე და საჭიროების შემთხვევაში, სრული მობილიზაციაც გამოცხადებულია.
“ჩვენი გაფრთხილება იყო შემდეგნაირი, რომ უფრო ყურადღებით ყოფილიყვნენ და გარკვეული საშიშროების შემთხვევაში მზად ყოფილიყვნენ ტერიტორიის დასატოვებლად. ჩვენც რომ რეაგირება მოგვეხდინა, მათი გამოყვანა შეგვძლებოდა. თუმცა მოსახლეობა ახლო პერიმეტრზე არ არის, საკმაოდ შორს არიან. ხალხი გაფრთხილებულია, ევაკუირებული არ არიან, მაგრამ საფრთხის გარკვეული დონე არსებობს და მობილიზებულები ვართ მაქსიმალურად”, - ამბობს ივანე ბურდული.
მისი თქმით, ამ საფრთხეზე ცნობილი პირველად ჯერ კიდევ იანვარს თვეში გახდა და, დაახლოებით, 2 თვის წინაც იგივე პრობლემის წინაშე იდგნენ, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, იმ პერიოდისთვის საფრთხე არ არსებობდა.
“პირველად ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილი იანვარში გახდა, როდესაც მონადირეებმა აღმოაჩინეს ეს ადგილი, რადგან იქ ჩვეულებრივ რეჟიმში ადამიანი არ ხვდება. დავინტერესდით, გუბერნია ჩაერთო, იმ პერიოდში რისკი დაბალი იყო. დაახლოებით 2 თვის უკანაც იყო ანალოგიური შემთხვევა, მაშინაც ჩავრთეთ გუბერნია, სპეციალისტები, თქვეს რომ საშიშროებას ამ პერიოდში არ წარმოადგენს, თუმცა მანამდე, რა პერიოდზეა საუბარი, ეს არავინ იცის”, - ამბობს ივანე ბურდული.