მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაღალი ინფლაცია დაგეგმვის და პროგნოზების ბრალი ხომ არ არის?“ - გვენეტაძის პასუხი დეპუტატს

60b7821722de9
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.21 21:28
714
საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ბალანსზე დაუსვეს შეკითხვები.

დავით სონღულაშვილმა 4 წლის განმავლობაში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელზე ისაუბრა და სებ-ის პრეზიდენტს ჰკითხა რამდენად ხდება კრიზისის პერიოდში ამის ანალიზი და საპროგნოზო მაჩვენებლების გადახედვა.

„ინფლაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რაზეც ეროვნული ბანკი იღებს პასუხისმგებლობას და შესაბამისად მიზეზი არ ილევა. ოთხ წელიწადში სამი წელი მიზნობრივი ინფლაცია განსხვავებული იყო იმ ინფლაციიდან, რაც წლის ბოლოს დაჯდა. რა თქმა უნდა, მიზეზები ყოველთვის არსებობს, ზოგჯერ სუბიექტური, ზოგჯერ ობიექტური, მაგრამ ეს გადასახედია. ხომ არ არის ეს რაღაც ნაწილში დაგეგმვის და პროგნოზების ბრალი? რადგან თქვენს ნებისმიერ განცხადებაზე ბიზნესი აწყობს თავის გეგმებს. შესაბამისად, ასეთი ტიპის განცხადებები ძალიან დიდ უნდობლობას იწვევს ხოლმე.

წელს მიმდინარე ინფლაცია 7%-ს ასცდა. მთავრობის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა, მეორე მხრივ ინფლაციის შესაბამისი პასუხი იქნება რეფინანსირების გაზრდა და სხვადასხვა რეგულაციები, როგორ აპირებთ ამის დაბალანსებას რომ ერთი მხრივ პრიორიტეტი აუცილებლად უნდა იყოს ეკონომიკის ზრდა და მეორე მხრივ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებთ ინფლაციის შესაჩერებლად ეკონომიკის ზრდაზე ახდენს გავლენას. ძალიან მნიშვნელოვანია რას ფიქრობთ ამ საკითხზე?“, - ჰკითხა დავით სონღულაშვილმა.

კობა გვენეტაძე დეპუტატს დაეთანხმა, რომ ინფლაცია პრობლემაა და აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მაღალი არ არის.

„ოთხი წლის განმავლობაში ინფლაცია 2017 წელს იყო 6.7%; 2018 წელს - 1.5%; 2019 წელს - 7%, ანუ საშუალოდვადიან პერიოდში თუ ავიღებთ, იქნება 4.2%, რაც 3.2%-სგან ძალიან განსხვავებული არ არის. სამწუხაროდ, არის ისეთი მოვლენები - ეგზოგენური, რომლებიც მოქმედებს, სამწუხაროა, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში რაიმეს გაკეთება შეუძლებელია“, - თქვა გვენეტაძემ.

მან აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებსა და ზოგადად მსოფლიოს რიგი ფაქტორების გამო, ინფლაცია მაღალია.

„რატომ უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორები, იმიტომ რომ გრძელვადიანი და სტაბილური ზრდისთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი მნიშვნელოვანია. თუ დიდი ხანი შენარჩუნდა მაღალი ინფლაცია, ეს არ იქნება კარგი, თუნდაც ინვესტორებისთვის. საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით უარეს პოზიციაში აღმოჩნდა 2019 წლის შემდეგ, როდესაც მოლოდინების ფაქტორმაც იმოქმედა და ამაზე კითხვა არ უნდა არსებობდეს. ჩვენს შემთხვევაში ინფლაცია უფრო განგრძობითია, ვიდრე სხვა შემთხვევაში და ამ დროს უფრო აგრესიული ნაბიჯებია გადასადგმელი, იმისთვის, რომ ინფლაცია მომავალში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუკავშირდეს. განხილვა უნდა მოხდეს, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში კრიზისის დროს მისი გადაჭრა შეუძლებელია. ოქროს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ, რადგან თუ ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება მომავალში ინფლაცია ამ ზრდას უფრო შეამცირებს, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, ამიტომ პანდემიის შედეგად არსებული ინფლაცია მოვთოკოთ, რადგან მომავალში ზრდა უფრო მაღალი იყოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.