მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარადგენენ თუ არა საბჭოს წევრები სებ-ის პრეზიდენტობაზე საკუთარ კანდიდატურებს?

63dce40915594
BM.GE
03.02.23 23:45
612
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა “ანალიტიკაში" ისაუბრა იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელზეც ისურვებდა, რომ სებ-ის ახალმა პრეზიდენტმა გააგრძელოს მუშაობა. მისი თქმით, მათ შორის დოლარიზაციის შემცირება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იყოს.

რაც შეეხება კითხვას, - აპირებს თუ არა თავად ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები სებ-ის პრეზიდენტის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ მას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. „ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა არის ქვეყანაში ყველაზე რთული პოზიცია და არ ვიცი საბჭოს სხვა წევრების სურვილები“.

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადა არის შვიდ წლიანი. წინა პერიოდებს რომ შევხედოთ და Fitch-ის ანგარიში ახსენეთ თქვენ და აქაც ნახსენები იყო რამდენიმეჯერ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის მაღალი დოლარიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში დოლარიზაციას შემცირების ტენდენცია გააჩნია ის კვლავ ძალიან მაღალია და ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრენდი გაგრძელდეს და ეს სენი რასაც მაღალი დოლარიზაცია ჰქვია, ჩვენმა ეკონომიკამ მოიცილოს. ეს მისი უარყოფითი მხარე განსაკუთრებით კარგად ჩანს შოკების შემთხვევაში. სამწუხაროდ ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში, სადაც საგარეო შოკები საკმაოდ ხშირია. მაგალითად, პანდემიის დროს იმის გამო, რომ ჩვენი დოლარიზაცია მაღალი იყო მხოლოდ მცირედით შევძელით მონეტარული პოლიტიკის შერბილება, მაშინ როდესაც ქვეყნების უმეტესობამ საპროცენტო განაკვეთები თითქმის ნულამდე დაიყვანა, მაგრამ იმის გამო, რომ მაღალი დოლარიზაცია გვქონდა, ვერ მოვახერხეთ და ამან არ მოგვცა საშუალება, საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა და ამით ის დანაკარგი, რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიიღო, შიდა სტიმულებით შეგვევსო,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის მიხედვით 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს. კობა გვენეტაძე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს თვის ბოლოს დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები