მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაროელებისთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზება მიუღებელია - პროტესტი გრძელდება

6082c3dde3775
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.21 17:00
706
ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" სალიცენზიო ბლოკებში დასაქმებულები, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზს“ 1 აპრილიდან ხელფასების 50%-იან მატებას სთხოვენ, კომპანიის მიერ გუშინ გაკეთებულ შეთავაზებას არ თანხმდებიან და გაფიცვას აგრძელებენ.

საქმე იმაშია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროელებს ხელფასების 250 ლარით გაზრდა და ყოველწლიურად ინფლაციის შესაბამისად მატება შესთავაზა.

BM.GE-ისთან საუბრისას პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ მაღაროელების მოთხოვნა უცვლელია და ამ დროისთვის საპროტესტო აქციას 1000-მდე მაღაროელი უერთდება.

„კომპანიაში და ჯანდაცვის სამინისტროში პოზიციური დავის შესახებ წერილი პროფკავშირების მხრიდან 1 აპრილს შევიდა. მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი მატება იყო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა შედგა კომპანიის წარმომადგენლებთან, როგორც მედიატორის ჩართულობით, ასევე მის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით გაიმართა.

საბოლოოდ გუშინ კომპანიამ გააკეთა შემოთავაზება, რომ თითოეულ დასაქმებულს ხელფასს 250 ლარით მოუმატებს, ყოველი მომდევნო წლის პირველი იანვრიდან მოხდება ხელფასების ინდექსაცია წინა წლის ინფლაციის შესაბამისად და ამ 250 ლარს დაემატება 2020 წლის ინფლაციის მაჩვენებელები. ანუ 5.2%. საშუალოდ ეს ხელფასების 30%-ია.

დასაქმებულები ამაზე უარს ამბობენ და გაფიცვას ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნით გრძელდება.

მაღაროელების ნაწილისთვის ეს შემოთავაზება მისაღებია, თუმცა ამ ეტაპზე გაფიცულია ყველა ობიექტის თანამშრომელი, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ სალიცენზიო ნებართვის ფარგლებში საქმიანობს, დარკვეთის მაღაროს გარეშე. ამ ობიექტებში საერთო ჯამში 3 700-მდე ადამიანი მუშაობს, თუმცა საპროტესტო აქციაზე 500-დან 1000 ადამიანამდე იმყოფება.

კომპანია ამბობს, რომ ხელფასების 250 ლარზე მეტით გაზრდის საშუალება მას არ აქვს. ამ არგუმენტთან პოლემიკაში შესვლა ძნელია, რადგან ჩვენ არ ვიცით მათი ფინანსური შესაძლებლობები“, - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.