მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაზიების ასოციაცია შრომის ინსპექციას მიმართავს - თემა ტაბელის წარმოებაა

603f51a9f0882
ინგა მურუსიძე
03.03.21 13:00
2936
1 მარტიდან კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა უწევთ.ჯანმრთელობის დაცვის და შრომის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. 

ახალმა ვალდებულებამ ბევრი კითხვა და უკმაყოფილებაც გამოიწვია, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესში. კერძო სექტორი ფიქრობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ახალი რეგულაციის ამოქმედება, დამატებითი პრობლემაა.

როგორც bm.ge-ის "ქართულ მაღაზიათა ასოციაციის" ხელმძღვანელმა სანდრო სუბელიანმა განუცხადა, ასოციაციამ შრომის ინსპექციას უკვე მიმართა და ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნეს წერილი, რომლითაც შრომის ინსპექციას სთხოვენ, რომ 1 თვის განმავლობაში მცირე მაღაზიები არ შეამოწმონ. 

„ინტენსიური კავშირი გვაქვს წევრ მაღაზიებთან. რეგულაცია, ჯამში, დიდი სირთულეებით არ ხასიათდება, თუმცა სხვა პრობლემაზე ვამახვილებთ ყურადღებას - ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა, რაც მაღაზიებს ჰქონდათ. ჩვენი მეშვეობით გაიგეს, რომ 1 მარტიდან შევიდა ძალაში რეგულაციები, რომელიც უნდა დაიცვან. რა თქმა უნდა, ვეხმარებით ამ რეგულაციის შესრულებაში, თუმცა მაღაზიების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მათი შესრულება დამატებით ხარჯებს საჭიროებს, რისი რესურსიც არ აქვთ. რეგულაცია გასაგებია, მაგრამ უნდა მოხდეს ბიზნესის ინფორმირება და ასევე, ის ადვილად შესასრულებელი უნდა იყოს“, - განაცხადა სანდრო სუბელიანმა. 

მისივე თქმით, ბიზნესები შიშობენ, რომ თუ შრომის ინსპექცია შევა და მათ ტაბელი არ ექნებათ, დაჯარიმდებიან.

„ჩვენ გავამზადეთ განცხადება და ვთხოვთ შრომის ინსპექციას, რომ მცირე მაღაზიებში უახლოესი ერთი თვე ნუ შევლენ შესამოწმებლად, რათა მათ შეძლონ და მოამზადონ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა. მაღაზიებს ხარჯები არსებითად არ გაეზრდებათ, რადგან ამის საშუალება ისედაც არ აქვთ, შესაბამისად, საკითხის მოგვარება ისევ იმ დასაქმებულების ხარჯზე მოხდება, რომლებიც უკვე მუშაობენ და ბიზნესს მათთვის მცირე ხელფასების დამატება მოუწევს“, - აღნიშნა სანდრო სუბელიანმა და დასძინა, რომ 1 თვის განმავლობაში მცირე მაღაზიები გადაწყობას და ტაბელის წარმოებას შეძლებენ.