მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმების/ექთნების მინიმალური ხელფასის ანაზღაურება ონლაინ გაკონტროლდება - როგორ?

63d90723483a2
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.23 16:40
1103
2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს. ამ ცვლილებების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა. 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის.

BMG-მ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს ჰკითხა - როგორ მოხდება სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის ანაზღაურების კონტროლი. ბექა ფერაძე ამბობს, რომ შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, სადაც ტაბელების ინტეგრირებით სამედიცინო დაწესებულებების ყოველთვიური კონტროლი მოხდება.

„ჩვენ ელექტრონულ პლატფორმაზე ვმუშაობთ, სადაც ყოველთვიურად სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი მოხდება - რამდენად ჯეროვნად ასრულებენ ისინი ამ ვალდებულებას. თუ არ მოხდება ამ ვალდებულების შესრულება, ბუნებრივია შრომის ინსპექციის მხრიდან გამოყენებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები, რაც ნიშნავს დაჯარიმებას და შესაბამისი თანხის დაკავებას, ვინაიდან ეს რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხორციელდება. ჩვენ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოვახდენთ გარკვეული თანხების დაკავებას, ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ მოხდება იმ დანაკლისის ანაზღაურება დასაქმებული ადამიანების მიმართ, რომელთაც უნდა მიეღოთ ეს ანაზღაურება. ამას დაემატება შრომის კოდექსით გათვალისწინებული 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ელექტრონულ პროგრამაში მოხდება ტაბელების ინტეგრირება და ჩვენ სამუშაო აღრიცხვის ფორმით ყოველთვიურ მონიტორინგს მოვახდენთ - რამდენად ხდება ამ რეგულაციის აღსრულება და რამდენად იღებს ექიმი და ექთანი მისთვის განკუთვნილ მინიმალურ ანაზღაურებას“, - განმარტა ფერაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მინიმალური ხელფასი სამინისტროს მხრიდან დაწესებული მინიმალური ზღვარია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას დასაქმებულისთვის ამ ტარიფზე მეტი ანაზღაურების შეთავაზებას არ უზღუდავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები