ექიმებისა და ექთნების შემდეგ, კლინიკებს მინიმალური ხელფასის დაწესება სხვა პერსონალისთვისაც მოუწევთ. ჯანდაცვის სამინისტრომ ცვლილებების ახალი პაკეტი შეიმუშავა, რომელიც სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარის, ექთნის თანაშემწისა და დამლაგებლის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება.
სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იყო პირველი ეტაპი და შემდგომში ეტაპობრივად მოხდებოდა სხვა მედპერსონალის დამატება და მოცვის გაფართოება. რეფორმის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელებამ მოგვცა საშუალება, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში მოხდება მინიმალური ხელფასის დაწესება და სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება იმ ზღვარზე ქვემოთ არ გადაუხადოს მედპერსონალს საათობრივი ანაზღაურება.
რაც შეეხება მინიმალურ ზღვარს, სამსჯელოა ტარიფები. ჩვენ გვქონდა სექტორთან შეხვედრა და შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირის ოთხშაბათამდე წარმოგვიდგინონ არგუმენტირებული პოზიცია ტარიფებთან დაკავშირებით. მომავალ კვირაში ჩამოვყალიბდებით რა იქნება ის ზღვარი, კერძო სექტორისთვისაც შესაძლებელი, რომ გადაუხადოს მედპერსონალს. ეს იქნება მინიმალური ზღვარი, თუმცა ჩვენ არ ვკრძალავთ უფრო მაღალიც გადაუხადოს კლინიკამ პერსონალს, მაგრამ მინიმალური ზღვარის დაცვა არის აუცილებელი“,-აცხადებს bm.ge-სთან შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე.
მისი თქმით, თუ რეფორმის პირველი ეტაპი შეეხო 8 ათასამდე ექთანს და 9 ათასამდე ექიმს, მეორე ტიპის რეფორმა შეეხება 6 ათასამდე დასაქმებულ პირს.
„სახელმწიფო სრულად აცნობიერებს, რომ თავისუფალი ბაზარი არეგულირებს სახელფასო განაკვეთს შრომით ურთიერთობებში, მაგრამ გარკვეულწილად არსებობს შემთხვევები, სადაც საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა. როცა ჩვენ ვხედავთ იმ ზღვარზე ნაკლები აქვს ადამიანს ხელფასი, რომელიც უნდა ჰქონდეთ დღევანდელ პირობებში, ეს არის შემთხვევა, როცა ჩვენ გარკვეული მინიმალური ანაზღაურება დავაწესეთ. ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება არ იყოს მაქსიმალური, მაგრამ გარკვეულწილად დააბალანსებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელსაც დღეს ზღვარზე ნაკლები აქვს ხელფასი და ასეთი 6 ათას პირზე ნაკლებია და რეფორმა სწორედ შეეხება ამდენ ადამიანს“,-განმარტავს ბექა ფერაძე.
რაც შეეხება პირველ ეტაპზე რეფორმის ფარგლებში გამოკვეთილ ხარვეზებს, როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი განმარტავს, კლინიკები იცავენ დადგენილ რეგულაციებს, თუმცა პრობლემაა მედპერსონალისთვის ანაზღაურების დროულად ჩარიცხვა, რა შემთხვევებზეც შრომის ინსპექციას თავისი მანდატის ფარგლებში რეაგირება ექნება.
„1-ელი იანვრიდან შევამოწმეთ ფიზიკურად 270-ზე მეტი კლინიკა. დაწესებულებები, რომლებიც ჩართული არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ხელშეკრულების ნაწილში ყველა მათგანმა მოახდინა ასახვა, რომ მინიმალური ტარიფი იქნება ის, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის განსაზღვრული. ჩვენ ასევე ელექტრონულად ვახორციელებთ მონიტორინგს, ყოველთვიურად, თუ რამდენად ხდება კუთვნილი ანაზღაურების მიღება მედპერსონალის მხრიდან, პრობლემები ამ მიმართულებით არ გამოვლენილა, გარდა ერთეული შემთხვევებისა, როცა ხდება და ხდებოდა დაგვიანებით ხელფასის ჩარიცხვა.
აქ ხაზი მინდა გავუსვა, რომ შრომის კოდექსით განსაზღვრულია, რომ თუ სამედიცინო დაწესებულება დააგვიანებს და არ გადაუხდის კონკრეტულ რიცხვში მედპერსონალს ხელფასს 0,07% ერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და გაზრდილი ოდენობით უნდა მიიღოს შესაბამისად პერსონალმა ანაზღაურება. დამატებით შრომის ინსპექციის მანდატი არის, რომ თუ ჩვენ შევხედავთ, რომ თანხა არ იქნება ჩარიცხული და დანაკლისით იქნება ჩარიცხული, ჩვენ მივმართავთ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მათი მხრიდან მოხდება [კლინიკისთვის] თანხის დაკავება, სანამ არ მოახდენს სამედიცინო დაწესებულება კუთვნილი ანაზღაურების სრულად ჩარიცხვას მედპერსონალის მიმართ“,-განმარტავს ფერაძე და დასძენს, რომ შრომის ინსპექციას ეს მექანიზმი ჯერ არ გამოუყენებია.