მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი პოლიტიკიდან მიდის და ივანიშვილს, გახარიას და ღარიბაშვილს მადლობას უხდის

602fcd252a1c8
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.21 18:26
3940
9-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მაია ცქიტიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. როგორც „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში ახლა უკვე ყოფილმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა განაცხადა, წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და "ბოროტად გამოიყენა" პრემიერობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან მრავალწლიანი ურთიერთობა, რათა გადაწყვეტილება აღსრულებაში მოეყვანა.

„მადლობა ბატონო ირაკლი, დაფასებისთვის. მე ბოროტად ვისარგებლე იმით, რომ ბატონ ირაკლის 15 წელია ვიცნობ და ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთად ვმუშაობდით საერთაშორისო ფონდ „ქართუში“; მისი პრემიერობისას მე ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად, გულწრფელად ვთხოვე, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ის 9 წლიანი ძალიან საინტერესო და აქტიური პერიოდი დავასრულო ამით. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე ყოფნისას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობიდან მაია ცქიტიშვილი იყო პირველი, ვინც მადლობა გადაუხადა გუშინ თანამდებობიდან გადამდგარ პრემიერ-მინისტრს.

„მინდა დღევანდელი ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ მადლობა ვუთხრა გიორგი გახარიას, იმ პრემიერს, რომელთანც ერთადაც 1.5 წლის განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. ძალიან დატვირთული პერიოდი იყო და სამწუხაროდ, დაგვემთხვა კოვიდ-პანდემია და მთელი გუნდი ძალიან ეფექტურად და წარმატებულად მართავდა ამ პროცესს. ვუსურვებ ყველას წარმატებას. მიხარია, რომ იგივე გუნდი სრული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას“, - აღნიშნა მან.

მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთი მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა და თქვა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც „ქართული ოცნების“ გულშემატკივრად რჩება.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. მისი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მე ვიზიარებდი "ქართული ოცნების" ფასეულობებს და ვრჩები ამ ფასეულობების ერთგული და ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და გულშემატკივარი“.

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა თავის პირველ მოადგილეს ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, წარმატება უსურვა.

„ირაკლი ქარსელაძე იყო ჩემი პირველი მოადგილე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მასთან ერთად ძალიან ბერვი საინტერესო საქმე გავაკეთე. მიხარია, რომ ჩემი მოადგილეები გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც ერთად წამოვიწყეთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.