მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში საქართველომ რეკორდული - $504 მილიონის საქონელი გაიტანა ექსპორტზე

62a6e48e5a0bf
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.22 11:03
1389
მაისში საქართველომ რეკორდული მოცულობის - 504 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ექსპორტის ეს მოცულობა საქართველოს არცერთი წლის არცერთ თვეში არ ჰქონია.

დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით მაისში ექსპორტირებულია 164 მილიონი დოლარით მეტი საქონელი, რაც 48%-იან ზრდას წარმოადგენს. სტატისტიკა ჯერჯერობით არ მოიცავს დეტალურ მონაცემებს, თუ რა დასახელების საქონლის ექსპორტის და რეექსპორტის შედეგად მოხდა საგარეო ვაჭრობის შედეგების ასეთი ზრდა. ასევე უცნობია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე როგორ შეიცვალა ამ ქვეყნებში ექსპორტი მაისის განმავლობაში.

თვეების მიხედვით საქართველოს ექსპორტი წელს ასე ნაწილდება:

იანვარი - 331 მილიონი დოლარი;
თებერვალი - 429 მილიონი დოლარი;
მარტი - 411 მილიონი დოლარი;
აპრილი - 416 მილიონი დოლარი;
მაისი - 504 მილიონი დოლარი;

ექსპორტთან ერთად, მკვეთრად არის გაზრდილი იმპორტიც, ის მაისში 1.1 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტია.

მთლიანობაში იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი 2.09 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 36.2%-ით მეტია. იმპორტი კი 4.8 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 37%-ით არის გაზრდილი. 

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის მინუს 2.7 მილიარდი დოლარი იყო, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ია.