მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მალე მომხმარებელს მიტანის საკუთარ სერვისს შევთავაზებთ” - “მაკდონალდს საქართველო”

62dbdf9e063ef
თათია კაკიაშვილი
24.07.22 23:00
2045
“მომხმარებელს დელივერის საკუთარ სერვისს შევთავაზებთ, რომელიც "გლოვოს" ბაზაზე იქნება,” - ამის შესახებ BMG-ის “მაკდონალდს საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ახლა შემუშავების პროცესშია, ხოლო წინაპირობა “გლოვოსთან” თანამშრომლობას ეყრდნობა.

“ჩვენ ვხედავთ “მაკდონალდსში”, რომ მიტანის სერვისი მომხმარებელთან ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. სწორედ ამიტომ, 2022 წლის ბოლოს ან მაქსიმუმ მომავალი წლის გაზაფხულზე, მომხმარებელს მიწოდების ახალ სერვისს შევთავაზებთ, რომელიც “გლოვოს” ბაზაზე იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ “მაკდონალდსის” და “გლოვოს” თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა დელივერი სერვისი ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო სხვაგვარი იქნება. ეს იქნება ჩვენთვის მომხმარებელთან ურთიერთობის დამატებითი გზა, რომელიც აქამდე, ამ ფორმით არ გვქონია,” - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.

მისივე თქმით, “გლოვო” საქართველოში სწორედ “მაკდონალდსმა” შემოიყვანა.

“ჩვენი მოთხოვნით არის ის [“გლოვო”] საქართველოში შემოსული. თავის დროზე ჩვენ ველაპარაკებოდით, ჩამოვიყვანეთ და დავპირდით, რომ მათი პარტნიორები გავხდებოდით, რათა მათ პლატფორმა ჰქონოდათ. მაშინ, როცა “გლოვო” შემოვიყვანეთ, ისინი ძირითადად ევროპის ბაზრებზე იყვნენ გასულები და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მოწინავე და პირველები, სადაც მათ გადაწყვიტეს შემოსვლა იმიტომ, რომ მათ გარანტია ჰქონდათ ჩვენი მხრიდან, რომ “მაკდონალდსი” გვერდში დაუდგებოდა,” - განაცხადა “მაკდონალდს საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა.

ამასთან, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, თენგიზ კაპანაძემ აღნიშნა, რომ სწრაფი კვების რესტორნების ქსელი გაფართოებას რეგიონებში - თელავსა და გორში აპირებს.