21.ოქტომბერი .2019 15:36

მამუკა ხაზარაძე: ერთი წლის შემდეგ პროკურატურის შენობის დემონტაჟს მოვახდენთ

views 2088
უკან

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურას იმ ე.წ მუქარის წერილის დედანი ჩააბარა, რომელიც მისი ინფორმაციით, შს ყოფილი მინისტრისა და ამჟამინდელი პრემიერის გიორგი გახარიასგან მიიღო. 

მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ე.წ მუქარის წერილი მან გახარიასგან მიიღო.

"როგორც დავპირდი პარლამენტში, როცა ეს განცხადება გავაკეთე ჩემსა და ბადრი ჯაფარიძეზე ორკესტრირებული შეტევის შესახებ, ერთ–ერთი ფრაგმენტი იყო მუქარის წერილი, რომელიც მივიღეთ იმდროინდელი შს მინისტრი გახარიასგან. ამ წერილის ექსპერტიზა ლონდონში დამთავრდა. დღეს, როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ის ვალდებულება და ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის რა თქმა უნდა, დიდი იმედი არ მაქვს. 

გიდასტურებთ, რომ ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიასგან, შესაბამისად, არასდროს არ გვითქვამს, ვის მიერ არის დაწერილი. ერთი წელი დარჩა პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს ჩვენ მოვახდენთ ერთი წლის შემდეგ აუცილებლად, თავის შემადგენლობიანად, რათა საქართველოში წესიერი მართლმსაჯულება დამყარდეს. დაველოდოთ გამოძიებას", – განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ, როცა იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. 

მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი ე.წ მუქარის წერილი, თავად საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა. ხაზარაძის ინფორმაციით, ამ წერილის მიხედვით, მასთან გიორგი გახარიას სამი მოთხოვნა ჰქონდა - „ტვ პირველი“ „ტელეიმედის“ ტრენდზე გადაერთოს, „არტარეას“ ობიექტურობის მაღალი ხარისხი დაეტყოს და ხაზარაძემ ოფიციალურად განაცხადოს, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი“ მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ამ შინაარსის Facebook პოსტი ხაზარაძემ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნა. 

ამ საქმეზე პროკურატურამ ხაზარაძე გამოკითხა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ აღნიშნა, რომ წერილს კონკრეტული პირების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვს და ამასთან, ხაზარაძემ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლა, რადგან არ დაასახელა შუამავალი, რომელმაც ხაზარაძეს წერილი გადასცა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა