მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე „იმერეთი გრინერის“ გაკოტრების საქმეს ხელოვნურ პრობლემებს უკავშირებს

606d8cdfd773e
თელარა გელანტია
07.04.21 14:48
5517
„პოლიტიკური ბრძოლა გადადის ყველაფრის განადგურებაში“ - ასე აფასებს bm.ge-ისთან საუბარში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კომპანია „იმერეთი გრინერის“ გაკოტრების რეჟიმში გადასვლას.

საქმე ისაა, "იმერეთი გრინერის" პროექტი საპარტნიორო ფონდმა 2016 წელს დააფინანსა, სასათბურე მეურნეობა ძირითადად ბოსტნეულის წარმოებით იყო დაკავებული. პროექტის მთლიანი ინვესტიცია $4.8 მილიონი იყო, აქედან 1.2 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია ფონდისგან მომდინარეობდა.

ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად „იმერეთი გრინერის“ ერთ-ერთი პარტნიორი მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს სათბურს თავის გუნდთან ერთად ხაზარაძეც სტუმრობდა.



დღეს კი, bm.ge-ისთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წავიდა, ბიზნესში აღარაა ჩართული, მაგრამ თვლის, რომ „იმერეთი გრინერს“ ხელოვნური პრობლემები შეუქმნეს.

„სამწუხაროა, რომ არამარტო „იმერეთი გრინერს“, არამედ ყველა იმ პროექტს და კომპანიას, სადაც მე და ბადრი ჯაფარიძე ვმონაწილეობდით, ხელოვნური პრობლემები აქვს შექმნილი. მაგალითად, „ლისი დეველოპმენტი“ - სამი წელია მიმდინარეობს „ლისი დეველოპმენტსა“ და მთავრობას შორის ვითომ კომუნიკაცია. წელიწადში ერთი შეხვედრა ინიშნება და ამ დრომდე კომპანია ვერ აგრძელებს ნორმალურ საქმიანობას. გასაგებია, რომ პოლიტიკური ბრძოლა გადადის ყველაფრის განადგურებაში. ასევე, იცით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც რა მდგომარეობაშია და ახლა დაემატა „იმერეთი გრინერი“.

კომპანიის მენეჯმენტში ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორები არიან ჩართულნი და მიუხედავად მათი ძალიან ბევრი მცდელობისა, მომხდარიყო რესტრუქტურიზაცია და ბიზნესი გადარჩენილიყო, ეს ვერ მოხერხდა და ასეთი პასუხი მივიღეთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Bm.ge ცდილობს, „იმერეთი გრინერის“ ჰოლანდიურ მენეჯმენტს დაუკავშირდეს და მეტი ინფორმაცია მიიღოს, რატომ დადგა დღის წესრიგში კომპანიის გაკოტრების საკითხი. ასევე, ველოდებით განმარტებას საპარტნიორო ფონდისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები