16.აგვისტო .2022 10:15

მარნეულსა და ლაგოდეხში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ქალების მხარდასაჭერი პროგრამა იწყება

მარნეულსა და ლაგოდეხში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ქალების მხარდასაჭერი პროგრამა იწყება
views 538
უკან

ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ქალების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

პროგრამა მიზნად ისახავს, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაციას საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირებას.

საპილოტე პროგრამა შემუშავდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN Women პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოების დაფინანსებით მიმდინარეობს.

პროგრამის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 300 000 აშშ დოლარს, საიდანაც 240 000 აშშ დოლარი არის დონორის რესურსი, ხოლო 60,000 აშშ დოლარი არის სოფლის განვითარების სააგენტოს თანამონაწილეობა.
პროგრამის თანახმად, ქალ ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, მცირე მიწის ნაკვეთზე მოაწყონ სასათბურე მეურნეობა და მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე დაფინანსდება სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების არა უმეტეს 90%, მაგრამ არა უმეტეს 25 000 ლარისა. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე სასათბურე მეურნეობის მოწყობა.

პოტენციური ბენეფიციარი შეიძლება იყოს სრულწლოვანი, არაუმეტეს 60 წლის ქალი, რომელსაც გააჩნია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად ან თანასაკუთრებად რეგისტრირებული, ჯამურად არა უმეტეს 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება - ჩაუტარდებათ თეორიული კურსი სასათბურე მეურნეობის მართვასა და სპეციფიკური კულტურების მოვლაზე, პრაქტიკული ტრენინგები განსაზღვრული კულტურებისათვის.

განაცხადების განხილვის დროს, პოტენციური ბენეფიციარებიდან პრიორიტეტი, პირველ რიგში, მიენიჭება იმ ქალებს, რომლებსაც გააჩნიათ სოციალურად დაუცველის სტატუსი, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა