02.მარტი .2020 16:19

„მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს“ - სერგეენკო ინფექციური საავადმყოფოს მდგომარეობაზე

views 332
უკან

ჯანდაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ინფექციურ საავადმყოფოში არსებული ვითარების გამო წუხს.

როგორც პრემიერის მრჩეველმა დღეს მედიას განუცხადა, წუხს, რომ ყაზბეგის ქუჩიდან ინფექციური საავადმყოფოს გადატანა ვერ მოხერხდა.

„მე მართლაც ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს დიდწილად ჩემი ბრალიც არის, რომ ამ წლების განმავლობაში, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე დიდი ტვირთი ჩემი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს. ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა, რომ სხვადასხვა გადაჭრის გზები მოგვეძებნა ამ ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ამის გაკეთება.  პირველი 2013-2014 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, რომ მოვლაპარაკებულიყავით იმ იურიდიულ დონეზე, იმ კონტრაქტით რაც არის გაფორმებული მეპატრონესა და სახელმწიფოს შორის და ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე. ამის შემდეგ, გვქონდა მცდელობა, რომ იგივე ფართი მოგვეძებნა, სადაც იჯარით ავიღებდით, სახელმწიფო იქირავებდა და გადავიტანდით დაწესებულებას, სამწუხაროდ, ესეც ვერ მოხერხდა, რადგანაც ძალიან სპეციფიური არის ინფრასტრუქტურის მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის. შემდეგ იყო ეტაპი, რომ გამოიყო მიწის ნაკვეთი უნივერსიტეტის ქუჩაზე, დავიწყეთ პროექტირება, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანე, სამწუხაროდ, ბოლომდე”, - განაცხადა სერგეენკომ და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის ინფექციური საავადმყოფო „დიღმის კლასტერში“ გადავა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე გამზადებული ინფრასტრუქტურა არის „დიღმის კლასტერში", რომელიც საჭიროებს რამდენიმეთვიან გარკვეულ გადაკეთებას, სადაც ექიმები და პაციენტები გადავლენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ბოლოსთვის უკვე მოხდება გადასვლა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.