მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მცირედი დისკომფორტის ხარჯზე უნდა ვეცადოთ, ტურისტების ნაკადი არ შეწყდეს" - ბიზნეს-კონსულტანტი

60ddd4949a395
ინგა მურუსიძე
01.07.21 21:38
1218
1 თებერვალს - საქართველოს საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისს სახმელეთო საზღვარი გაიხსნა. რამდენიმე დღის წინ, NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანაში შემოსულ 400-ზე მეტ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყებათშორისი საბჭოს წევრებმა უკვე დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ ორჯერადად ვაქცინირების მიუხედავად, ტურისტებს 72-საათიანი ნეგატიური PCR-ტესტი მოსთხოვონ. გარდა ამისა, შესაძლოა, საზღვრებზე PCR-ტესტის გასაკეთებელი სივრცეები მოეწყოს.

ბიზნეს-კონსულტანტი, გიორგი დოლიძე BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ „ცოტა დისკომფორტის ხარჯზე უნდა ვეცადოთ, ტურისტების ნაკადი არ შეწყდეს".

„ზოგადად, საზღვრების გახსნა აუცილებელი იყო. ჩვენ ქვეყანაში ყველა ამჩნევს, რომ ტურისტების ნაკადი ძალიან არის გაზრდილი და ზოგადად, ქვეყანაში ბევრი ტურისტი შემოდის. გასაგებია, რომ მათთვის PCR-ტესტირებები დისკომფორტია, თუმცა ფაქტია, რომ აუცილებელია. იმისთვის, რომ შარშანდელი შედეგი არ მივიღოთ, შემოდგომაზე არ ჩავიკეტოთ და მთელი ზამთარი ვიყოთ გამოკეტილი, ჯობია გარკვეულწილად დისკომფორტი შევიქმნათ ჩვენც და ტურისტებსაც შევუქმნათ ვალდებულება, რომ თუნდაც სასტუმროებში გაიკეთონ მინიმუმ სწრაფი ტესტები“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

ბიზნეს-კონსულტანტის შეფასებით, კარგია, რომ კომენდანტის საათი მოიხსნა და ღია სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელი არ არის.

„როგორც იქნა დაბალანსდა სიტუაცია სექტორში, თანამშრომლებს შეექმნათ სტაბილურობის განცდა, სასტუმროები მიხვდნენ, რომ მხოლოდ თავის რჩენაზე კი არ მუშაობენ, არამედ მოგებაზეც შეუძლიათ იფიქრონ, ახლა ისევ ჩაკეტვა ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ საზღვრებზე PCR-ტესტის ჩასატარებლად კაბინეტები უნდა მოეწყოს და არც იმის წინააღმდეგი ვარ, თუკი სასტუმროებს ექნებათ ვალდებულება, სტუმრები, რომლებიც დიდი ხნით რჩებიან, გატესტონ მინიმუმ ორჯერ მაინც“, - აღნიშნა დოლიძემ და დასძინა, რომ აუცილებელია მეტი კონტროლი, მაგრამ არა ისეთი, რომ ყველაფრის გამკაცრების სიტუაციას დაბრუნდეს.

რაც შეეხება მოლოდინებს, ბიზნეს-კონსულტანტი ამბობს, რომ ამაზე საუბარი შეუძლებელია. „აგვისტო-სექტემბერს ჯერ ვერ ვგეგმავთ, რადგან სიტუაცია არასტაბილურია“, - ამბობს დოლიძე.