მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მცირემიწიანი ფერმერისთვის სესხი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის – ამაზე აქტიურად ვმუშაობთ"

62580cc8a7965
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.22 16:00
891
„გვესმის, რომ სესხი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი მცირემიწიანი ფერმერებისთვის და მათ საწვავზე, სასუქებზე და პესტიციდებზე ფასების ზრდის პირობებში, მხარდაჭერა სჭირდებათ“ - ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, დღეისთვის ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ სამინისტრო არსებული საკითხების გამოსწორებისთვის აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს დავუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს ოდენობით. თუმცა, აქაც კარგად გვესმის, რომ სესხი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი მცირემიწიანი ფერმერებისთვის და მათ საწვავზე, სასუქებზე და პესტიციდებზე ფასების ზრდის პირობებში, სჭირდებათ მხარდაჭერა. ამაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში, წარმოვადგენთ დახმარების პაკეტს, რომელიც ფერმერებს პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში გარკვეულწილად დაეხმარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში, წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით გატარებული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვან პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენცია 2021 წელსაც შენარჩუნდა და ექსპორტის მაჩვენებელმა 1 142 000 000 დოლარი შეადგინა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა. ეს წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 200 მლნ დოლარით მეტია (21%-იანი ზრდა). მზარდი ტენდენცია აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით შენარჩუნებულია 2022 წელსაც, პირველი კვარტლის მონაცემებით, გვაქვს 5%-იანი ზრდა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო 72%-ით შემცირდა. იმავე პერიოდში ევროკავშირში აგროსასურსათო ექსპორტში დაახლოებით 80%-იანი ზრდა (2021 წლის მონაცემებით 180 მლნ აშშ დოლარი) გვაქვს.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. 2021 წელს ექსპორტი განხორციელდა მსოფლიოს 99 ქვეყანაში.

2021 წლის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 6 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 7.3 მლრდ ლარი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.