გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აშშ-ში ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობად ერთი მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები წარმოების გასაზრდელად იხარჯება, მეორე მხრივ კი, აქცენტი კეთდება საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაზე, სადაც ქართველ მეწარმეებს კონტაქტების დამყარების და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა ეძლევათ. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობის მიერ აშშ-ში ექსპორტის ზრდის გასააქტიურებლად გადადგმულ ნაბიჯებს შეეხებოდა.
„გამოწვევა არის და სწორედ ამიტომ სახელმწიფოს ბიუჯეტის დაფინანსებით 15-მდე პროექტი ხორციელდება, 350 მლნ ლარამდე არის ფერმერების სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერისთვის გამოყოფილი, ეს მოიცავს გადამმუშავებელი საწარმოების და შემნახველი მეურნეობების შექმნას, საწარმოების გადაიარაღებას, ახალი ბაღებს გაშენებას. თქვენ იცით, რომ 22 000 ჰექტარამდე ახალი ბაღი სწორედ ჩვენი მხარდაჭერით არის გაშენებული. აქედან ჩვენ ყოველწლიურად გაცილებით უფრო მეტ პროდუქტს მივიღებთ.
რაც შეეხება ექსპორტს, ყოველწლიურად მზარდია ექსპორტი. 2023 წელს სასოფლო მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. ყოველწლიურად ახალი რეკორდი გვაქვს და მზარდია 10-15%-ის ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვზრდით წარმოებას და ვაძლევთ შესაძლებლობას ფერმერებს იმისათვის, რომ წვდომა ჰქონდეთ პრიორიტეტულ ბაზრებზე.
ასევე, ჩვენ წელს რეკორდულ თანხას - 19 მილიონამდე ლარს დავხარჯავთ იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერები, მეწარმეები წარმოდგენილი იყვნენ ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე, რათა დაამყარონ კონტაქტები და ექსპორტი გაზარდონ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უკვე 30 წელზე მეტია საქართველოს ამერიკისგან ძლიერი მხარდაჭერა აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 046 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც აშშ-სთან ვაჭრობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შესაბამისად, ამერიკასთან ექსპორტ-იმპორტი 2023 წელს ჯამურად 60.1%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკასთან მთავარი სავაჭრო საქონელი, რამაც გასულ წელს ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია მსუბუქი ავტომობილებია. სავაჭრო პარტნიორობის დიდი ნაწილი - 95.2% იმპორტზე მოდის. გასულ წელს ამერიკიდან საქართველომ 1 მილიარდ 949 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც 2022 წლის იმპორტს 92.5%-ით აღემატება.
აღსანიშავნია ისიც, რომ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ გასულ წელს, აშშ-საქართველოს შორის რეკორდულად გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას საკმარისად არ მიიჩნევს. ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ოდესმე.