მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტების ფასები სამ ეტაპად დარეგულირდება - მინისტრი სავარაუდო ვადას ასახელებს

63c520eef0d53
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.23 18:15
454
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების რეგულირება სამ ეტაპად მოხდება. პირველი ეტაპი - წამლების რეფერენტული ფასების რეგულირება დღეიდან ამოქმედდა, დანარჩენი ნაბიჯები კი ეტაპობრივად გადაიდგმება. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კომპანიებისთვის ახალი რეგულაციებიდან გამოწვეულ პრობლემებს შეეხებოდა.

მინისტრის თქმით, მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეგულირების აღსრულებისთვის უწყებამ ჯარიმები სხვა ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე დაყრდნობით შეიმუშავა და ნოუჰაუს არ წარმოადგენს.

„დღეისთვის ბაზარზე 14 000-მდე სხვადასხვა რეგისტრირებული მედიკამენტი გვაქვს. ამ დროისთვის რეგულირებული მედიკამენტები მოცულობასა და თანხაში ბაზრის 20% მოიცავს და დარჩენილი 2 ეტაპად, ანუ ჯამში 3 ეტაპად გავრცელდება მთელ ბაზარზე.

ჯარიმებს რაც შეეხება, ჩვენ იმ კანონთან ერთად საკმაოდ კარგი და ეფექტიანი მექანიზმი ჩავდეთ. ეს ჩვენი ნოუჰაუ არ არის და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით გავაკეთეთ. რაც შეეხება ელექტრონულ ბაზებს გახსნა სავალდებულო გახდა და რეგულირების სააგენტო უნდა ხედავდეს ნებისმიერი საბითუმო, თუ საცალო რეალიზატორის ბაზებს და ტრანზაქციებს. ეს ერთი მხრივ გაგვიმარტივებს სისტემის ადმინისტრირებას და ფალსიფიცირებული მედიკამენტების ბაზარზე ბრუნვის კონტროლს და ასევე რეფერენტული ფასების მიზნებისთვისაც გამოვიყენებთ. ამ სისტემაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ნებისმიერ მედიკამენტზე ინფორმაციის მიღება შეგეძლებათ, იმპორტიდან დაწყებული საბოლოო მომხმარებლამდე სანამ არ მივა“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრი ვარაუდობს, რომ რეფერენტული ფასები ბაზარზე წარმოდგენილ ყველა მედიკამენტზე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში  დაწესდება. 

„1300 მედიკამენტი, რაზეც გუშინ განისაზღვრა ფასები, ბაზრის 20%-ს შეადგენს. დარჩენილი მედიკამენტები, რაც ეტაპობრივად შემოვა, ვფიქრობ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სრულად დარეგულირდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.