03.მარტი .2021 12:31

„მეგალაბი“ გუდაურსა და ბაკურიანში PCR ლაბორატორიას ხსნის - რა ეღირება ტესტი?

„მეგალაბი“ გუდაურსა და ბაკურიანში PCR ლაბორატორიას ხსნის - რა ეღირება ტესტი?
views 1197
უკან

„მეგალაბი“ გუდაურსა და ბაკურიანში PCR ტესტების ამღებ ლაბორატორიებს სხნის. როგორც BM.GE-ის „მეგალაბის“ დირექტორმა მიშა დოლიძემ განუცხადა, კურორტებზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და 7 ან 8 მარტიდან უკვე ამღები ლაბორატორიები იმუშავებენ.

დოლიძის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ "ტესტის ფასი 150 ლარზე ნაკლები თუ არა, მეტი არ იქნება".

„გუდაურს რაც შეეხება, მოლაპარაკებები გვაქვს სასტუმროების კომპლექსებთან, თუ სად უნდა განვთავსდეთ, ერთ-ერთში გავხსნით ამღებ პუნქტს. თავიდან ვფიქრობდით, საბაგიროებთან კარავი ან რაიმე მსგავსი ხომ არ გაგვეკეთებინა, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ რომელიმე სასტუმროში გავხსნით PCR ტესტის ამღებ პუნქტს. თავად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები იქ ძალიან დიდი ენთუზიაზმით არიან. რაც შეეხება ბაკურიანს, იქაც მსგავსი სცენარით მივდივართ, თუმცა არის უკეთესი ლოკაცია ცენტრში და შეიძლება, იქ განვთავსდეთ. ყველა ნაკლებად გვინდა ფართი ვიქირაოთ, რადგან ეს ტესტის ფასს გაზრდის. იმედია, იქაც გამოვნახავთ საერთო ენას სასტუმროებთან“, - ამბობს მიშა დოლიძე.

როგორც bm.ge-ის "გეოლაბის" დირექტორი უყვება, მოქალაქეებს შედეგი PCR ტესტის აღებიდან 24 საათში ეცოდინებათ და პასუხს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

ამ ეტაპზე „მეგალაბი“ სხვა კურორტებზე ლაბორატორიების გახსნას არ გეგმავს.

„მესტიაში სახელმწიფო საავადმყოფოა, ხოლო გოდერძის კურორტზე სასტუმროს მეპატრონემ თქვა, რომ ყველაფერი მოგვარებული აქვთ. ამდენად, ამ ეტაპზე ჩვენ იქ არაფერს ვგეგმავთ. შევხედავთ როგორი სიტუაცია იქნება“, - განმარტა „მეგალაბის“ დირექტორმა.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცების მიუხედავად,  ამ დრომდე ბაკურიანსა და გუდაურში PCR ტესტის აღების შესაძლებლობა არაა, არადა მთავრობის რეგულაციების თანახმად, უცხოელ ტურისტებს საზღვრის კვეთიდან 72 საათში განმეორებითი PCR-ტესტის აღების ვალდებულება აქვთ.