თბილისის საინვესტიციო პოტენციალის ზრდის მიმართულებით მომავალ წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი თანხა დაიხარჯება, ვიდრე მიმდინარე წელს. თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ კუთხით 385 ათასი ლარია გათვალისწინებული. მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია ამბობს, რომ მომავალ წელს მერია სამუშაო ძალის კვლევას ჩაატარებს, რადგანაც ყოფილა შემთხვვევა, როდესაც ინვესტორს სჭირდებოდა ინფორმაცია სამუშაო ძალის შესახებ, რისი მიწოდებაც მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო. სამუშაო ძალის კვლევის ჩატარების შემდეგ თბილისის მერია აპირებს მოქალაქეები მოთხოვნად პროფესიებზე გადაამზადოს.
“2020 წლისთვის ვაპირებთ ჩავატაროთ სამუშაო ძალის კვლევა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი, რაც გვაქვს, ეს არის სწორედ სამუშაო ძალა. მაგალითად ინვესტორს კონკრეტულად აინტერესებდა, თბილისში თუ არსებობს 200 JAVA IT სპეციალისტი, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ამიტომ უნდა ჩავატაროთ კვლევა, რომელიც დაგვანახებს რა მოთხოვნებია ბაზარზე, რა შესაძლებლობებია და ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც შეიძლება შევიმუშავოთ, რომ მაგალითად როცა ინვესტორისგან იქნება მოთხოვნა სპეციფიციურ სამუშაო ძალაზე, ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების გადამზადებას”,- აცხადებს ანდრია ბასილაია.