მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ტრანსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმაა დაწყებული - მერია

სს

„თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ანდრია ბასილაიამ საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს მხარდაჭესისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან თქვა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ მეტროს განახლების კომპონენტების განახლება დაიწყება.

„დედაქალაქში ტრანსპორტის მიმართულებით დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. გვიხარია, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სრულად გვიჭერენ მხარს. ეს ფორუმიც მათი მხარდაჭერით იმართება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა - შემოვიყვანეთ ახალი ავტობუსები, განახლდა ქუჩების დიზაინი, ახლა კი იწყება მეტროს განახლების კომპონენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობების განახლებას. ასევე, ბევრი სხვა ტექნიკური კომპონენტია, რომელიც ამ რეფორმის ფარგლებში შედის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ფორუმზე ყურადღება გამახვილდა თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს მგზავრთა საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებასთან და მისი პოლიტიკის ფორმულირებასთან.

ღონისძიებას, მერის მოადგილესთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები დაესწრნენ.

„ღონისძიებაზე ვისაუბრეთ თუ რა პროექტები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, რა მიმართულებებზე კეთდება აქცენტი და რა გეგმები გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში. საუბარია, რა თქმა უნდა, როგორც ავტობუსების, ისე მეტროს განვითარების ღონისძიებებზე. დედაქალაქის მერიის, ცენტრალური მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სატრანსპორტო ქსელი და მომსახურების ხარისხი ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდება“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრანტის მხარდაჭერით, „მწვანე კლიმატის ფონდის“ მეშვეობით ჩატარდა. EBRD ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის დაფინანსებით, 2016 წლიდან დღემდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მიმართულებით, დედაქალაქში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

ამჟამად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „შესაძლებლობების განვითარების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის პროგრამა“ მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები