დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად თბილისის მერიამ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (EBRD) ხელშეკრულება გააფორმა - ამის შესახებ მერია იტყობინება.
სამუშაოების განსახორციელებლად EBRD გამოყოფს სესხი 16 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდი (E5P) 4 მლნ ევროს ოდენობის გრანტს.
პროექტი ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას მოიცავს.
როგორც თბილისის მერია იტყობინება, დიდი ლილოს პოლიგონზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, მოხდება მისი ელექტროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება.
„დედაქალაქში დაწყებულია ნარჩენების მართვის რეფორმა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს. დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს დიდი ლილოს ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით. ბანკი აქტიურად გვეხმარება როგორც სტრატეგიის დაწერაში, ისე მის იმპლემენტაციაში. უკვე მალე დაიწყება ამ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ხელი მოვაწერეთ თბილისის გაზშემკრები პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმებას. პროექტი ითვალისწინებს ლილოს ნაგავსაყრელზე ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას, ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების გადახურვას და მიღებული გაზისგან ელექტროენერგიის მიღებას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პროექტს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს“, - განაცხადა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის დრაკინოსმა.
მერიის მოლოდინია, რომ აღნიშნული სამუშაოებით დიდი ლილოს დასახლებაში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდება.
ამასთან, დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი ტენდერის საფუძველზე შეარჩევენ საერთაშორისო კონსულტანტები, რომლებიც ბანკთან და „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად შეიმუშავებენ სატენდერო დოკუმენტაციას. მომდევნო ეტაპზე კი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით, საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მომავალი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.