მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა აღსრულების ნაწილში ხარვეზიანია - თინა სტამბოლიშვილი

5eef605e14afe
ინგა მურუსიძე
22.06.20 09:00
1488
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომერციული დირექტორის თინა სტამბოლიშვილის განცხადებით, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონი აღსრულების ნაწილში ხარვეზიანია.

ამის შესახებ სტამბოლიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომერციულმა დირექტორმა გამოწვევებს შორის დაასახელა სამოქალაქო ცნობიერების არც ისე მაღალი ხარისხი.

„არაერთხელ დაფიქსირეთ ჩვენი აზრი მთავრობასთან, რომ არის ხარვეზები. მაგალითად, არ გაგვიგია, რომ რომელიმე ორგანიზაცია ან ბაზრობის ადმინისტრაცია დააჯარიმეს იმისთვის, რომ კანონი არ შეასრულეს. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ დაზღვევა შეიძლება იყოს გაფორმებული, მაგრამ პირობები იყოს შეუსაბამო და რეალურად, როცა საქმე საქმეზე მიდგება, შესაძლოა, ეს დაზღვევა არ მუშაობდეს, რადგან არ არის შესაბამისი ლიმიტი იმისთვის, რომ ადრესატმა სარგებელი მიიღოს. ასეთი რამეც შეიძლება მოხდეს. საქართველოში დაახლოებით 80 ბაზრობაა და თუ უბედური შემთხვევა ხდება, ეს ბევრ ადამიანს ეხება. მოკლედ, კანონი ნამდვილად არსებობს, რომელიც აზღვევს მესამე პირის პასუხისმგებლობას, თუმცა არის გზები, რომლითაც „გამოძრომა“ ზარალის თანხის ნაკლები ანაზღაურებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა სტამბოლიშვილმა.

მან „ჯიპიაის“ მაგალითზე თქვა, რომ სადაზღვევო კომპანიის ტარიფი მოვაჭრეზე 5-დან 10 ლარამდე მეყრეობს. თემაზე საუბრისას სტალბოლიშვილმა გაიხსენა ელიავას და თერგის ბაზრობებზე გაჩენილი ხანძარი, როცა „ჯიპიაი ჰოლდინგმ“ კომპენსაციის სახით 2 მლნ ლარამდე აანაზღაურა.

ამასთან, სტამბოლიშვილის თქმით, ხშირად მოიჯარეები დაზღვევის თანხას იჯარასთან ერთად იხდიან და გაუგებარია, რატომ არ აფორმებს შესაბამის, ადეკვატურ პაკეტს ბაზრის ადმინისტრაცია სადაზღვევო კომპანიასთან.

ცნობისთვის: 2018 წლიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასობრივი თავშეყრის ობიექტის, მათ შორის ბაზრობის მფლობელი, ვალდებულია, იყიდოს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, სადაზღვეო კომპანია კი ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. ბიზნესობიექტი დაზღვევას ორი მიმართულებით ყიდულობს. ესენია ქონებისა და ჯანმრთელობის პასუხისმგებლობის დაზღვევა. მაგალითად: სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში ერთ დაზარალებულს სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანი 30 000 ლარით აუნაზღაურდება, ხოლო ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანი - 15 000 ლარით; ქონებისთვის მიყენებული ზარალის შემთხვევაში კი, ერთი პირი მიიღებს თანხას არაუმეტეს 15 000 ლარისა; სადაზღვევო კომპანიის მხრიდან კი, ერთ ბიზნესობიექტზე ანაზღაურების მაქსიმალური თანხა 15 მილიონი ლარია.