მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მესმის ბიზნესის, თუმცა მნიშვნელოვანია, ქვეყანას შევუწყოთ ხელი“ - იმნაძე სახმელეთო საზღვრების გახსნაზე

60a7804439353
ინგა მურუსიძე
21.05.21 13:51
1048
"რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩამოვა ქვეყანაში, რომელიც ინგრევა?!", - ასე პასუხობს "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე bm.ge-ს კითხვას, რომელიც ქვეყანაში სახმელეთო საზღვრების ამ დრომდე არგახსნის მიზეზებს და გახსნის შესაძლო ვადებს შეეხებოდა.

პაატა იმნაძის თქმით, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ეპიდსიტუაცია, რომელიც მეზობელ ქვეყნებშია. მაგალითად ის ასახელებს თურქეთს, სადაც გავრცელებულია ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ინდური შტამებიც.

"აღსანიშნავია, რომ სახმელეთო საზღვრები ჯერადობით ზრდის შემომსვლელების რაოდენობას; მე მესმის ბიზნესის, ტურიზმის სექტორის ინტერესები, მაგრამ მნიშვნელოვანია, ქვეყანას შევუწყოთ ხელი. ძირითადი ტურისტული სეზონი იწყება ახლა, წარმოიდგინეთ ამ პერიოდს რომ შევხვედროდით შემოდგომის ბოლო კვირების მონაცემებით და დღეში 5-6 ათასი ავადმყოფი გვყოლოდა... რომელი ჭკუათმყოფელი ჩავა ქვეყანაში, რომელიც ინგრევა?", - განაცხადა იმნაძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ ზამთრიდან მოყოლებული მთავრობა მიჰყვება გეგმას და ყველა ქმედება იყო იმაზე გათვლილი, რომ ზაფხულის სეზონისთვის პიკი არ ყოფილიყო.

"ზამთრიდან მოყოლებული ყველა ქმედება იმაზე იყო გათვლილი, რომ პიკი არ ყოფილიყო ძალიან მაღალი, სამედიცინო სექტორზე დატვირთვა არ ყოფილიყო ძალიან მაღალი და ზაფხულის დასაწყისში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანა ტურისტებისთვის მიმზიდველი ყოფილიყო. ჯერჯერობით, გეგმებს მივყვებით. გაიხსნება საზღვრები სახმელეთო ტურისტებისთვისაც, მაგრამ მთავარი და ძირითადი არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ საჰაერო საზღვრებზე კონტროლის განხორციელება გაცილებით მარტივია, ვიდრე - სახმელეთო საზღვარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები