მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეთოდოლოგია იცვლება - თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი დასაქმებულებად აღარ ჩაითვლება

5e0b0b6a0096c
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.19 13:00
2538
დღეს საქართველოში უმუშევრობის სტატისტიკა 1982 წლის შემუშავებული მეთოდოლოგიით ითვლება. არსებული მეთოდოლოგიით, საქართველოში უმუშევრობის დონე 11.1%-ია, თუმცა სინამდვილეში ეს რიცხვი რეალური მაჩვენებლისგან მნიშვნელოვნად არის აცდენილი.

საქსტატის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ქალაქის და სოფლის ჭრილში მნიშვნელოვნად განსხვავებულია - ქალაქებში უმუშევრობა 16.6%-ს შეადგენს, სოფლად კი, უმუშევრობა ამაზე სამჯერ დაბალია და მხოლოდ 5.5%-ია. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ არსებული კრიტერიუმებით, სოფლად მცხოვრები ადამიანები, იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა შემოსავალი, ითვლებიან დასაქმებულებად; მათი რაოდენობა, დაახლოებით, 800,000-ია.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2017 წელს მიიღო დასაქმების სტატისტიკის აღრიცხვის განახლებული მეთოდოლოგია, რომელიც თვითდასაქმებულებს ავტომატურად დასაქმებულებად აღარ აღრიცხავს. 20-მდე ქვეყანა უკვე გადაერთო ახალი მეთოდოლოგიით სტატისტიკის წარმოებაზე; 2020 წლიდან მათ საქართველოც შეუერთდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ 2020 წლიდან დასაქმების მაჩვენებლები "შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს."

"2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენ როგორც ძველი, ისე ახალი გამოკვლევის კითხვარის მიხედვით, ვაგროვებთ მონაცემებს, რომ ჯაჭვი გავაბათ ახალსა და ძველ მეთოდოლოგიას შორის, შემდეგ, 2020 წლის მესამე და მეოთხე კვარტლების გამოკვლევა მოხდება სრულად ახალი კითხვარის მეშვეობით. ჩამოყალიბებულია ახალი გამოკვლევის კითხვარი, რომელიც დაფუძნებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიაზე,"- ამბობს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.  

ILO-ს კრიტერიუმებით, დასაქმებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს - ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობს იმისთვის, რათა მოყვანილი მოსავალით თავი გაიტანოს, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება. 

ვინ ითვლება დასაქმებულად დღეს?

არსებული კრიტერიუმებით, დასაქმებულად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს.

თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს.

უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათი სამუშაო.

როგორ გაიზრდება უმუშევრობის მაჩვენებელი ახალ კრიტერიუმებზე გადასვლის შემდეგ?

განახლებული კრიტერიუმები დასაქმებას განიხილავს მონეტარული გაცვლის თვალსაზრისით. თუ თქვენ ყიდით პროდუქტს ან სერვისს თქვენ დასაქმებული ხართ, ხოლო თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობთ, თქვენ დასაქმებული არ ხართ.

თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში გაცილებით, მაღალია აგრარულ დასახლებებში, რადგანაც აქ მაცხოვრებლებს აქვთ საკარმიდამო ნაკვეთები, რის გამოც ავტომატურად დასაქმებულებად ითვლებიან. სწორედ ამიტომ არის სოფლად უმუშევრობის მაჩვენებელი 5.5%. ქალაქებში კი, მთლიან დასაქმებაში თვითდასაქმებულთა წილი სოფელთან შედარებით დაბალია, ამიტომაც, აქ უმუშევრობის მაჩვენებელი არის 16.6%.

შესაბამისად, სავარაუდოდ, თუ თვითდასაქმებულთა მნიშველოვან ნაწილს გამოვაკლებთ დასაქმებულთა რიგებს, უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.