საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ემიგრაცია შეუქცევადი, გლობალური პროცესია, რომელიც არამხოლოდ ჩვენი, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. ასე უპასუხა გოგიტა თოდრაძემ BM.GE-ის კითხვას, რომელიც 2023 წელს ემიგრაციის თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს შეეხებოდა.
გოგიტა თოდრაძე 2023 წელს ემიგრანტების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებას ვიზალიბერალიზაციითა და კოვიდის შემდგომი პერიოდით ხსნის.
„ეს შეუქცევადი გლობალური პროცესია, რომელიც არამხოლოდ ჩვენი არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ბალტიისპირეთის მაჩვენებელი რომ აიღოთ, მოსახლეობის მაჩვენებელი ვიზალიბერალიზაციის გამო 1 მლნ-ით არის შემცირებული.
2022 წელს ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 125 000 იყო და ახალი მონაცემებით 245 000. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კოვიდ პანდემიის პერიოდში მიგრაციული პროცესები შედარებით დაბალი მატებით ხასიათდებოდა, ხოლო 2023 წლიდან ჩვენს და სხვა ქვეყნებში მიგრაცია ზრდის ტენდენციით ხასიათდება, შეიძლება ეს იყოს ვიზალიბერალიზაციის თემა, გამარტივებული სატრანსპორტო კომუნიკაცია და სხვა ფაქტორები“, - აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ საქსტატში დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გოგიტა თოდრაძემ ხაზგასმით განმარტა, რომ მოსახლეობის რიცხოვნობასა და მიგრაციაზე საუბრისას სრული ანალიზისთვის ყურადღება მოსახლეობის რიცხოვნობის შემთხვევაში ბუნებრივ და მექანიკურ მატებას მიექცეს ყურადღებას, აქედან მეორე კი რაც მიგრაციულ პროცესებს მოიცავს, მიგრაციულ სალდოს ჭრილში უნდა გაანალიზდეს. ამის შემდეგ „პოსტვ“-ის და „იმედის“ ჟურნალისტებმა გოგიტა თოდრაძეს ჰკითხეს - როგორ შეიცვალა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 2003-2012 წლებსა და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 2012-2023 წლების პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა და მიგრაციული სალდო, რაზეც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა, რომ მაჩვენებლები თან ჰქონდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ამ რიცხვების ნახვა საქსტატის გვერდზეც შეუძლიათ.
„2023 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 1.1%-ით არის შემცირებული. თუ განვიხილავთ 2012 -2023 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა, დაახლოებით 0.7%-ით არის შემცირებული, რაც 23 000 კაცია. ხოლო წინა პერიოდში 2003-2012 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 220 000 კაცით.
მოსახლეობის რიცხოვნობის ცვალებადობას წლიდან წლამდე განაპირობებს მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მატება, ბუნებრივი მატება გახლავთ დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობა და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე შემცირდა და მინუს 2500-ია. მექანიკურ მატებას რაც შეეხება, ეს გახლავთ შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა, აღნიშნული მაჩვენებელი მინუს 39 000 - ესეც მოსახლეობის რიცხოვნობის ერთ-ერთი შემამცირებელია ფაქტორია.
როდესაც მიგრაციულ სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობაზე, ანუ სალდოზე, თუ გვინდა სრულფასოვანი ანალიზი გავაკეთოთ.
2013-2023 წლებში ჯამურად მიგრაციული სალდო იყო - 36 000 -37 000 იყო და ეს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1%-ია, ხოლო 2003-2012 წლებში ჯამური მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი დაახლოებით - 247 000, ანუ დაახლოებით 7-ჯერ მეტი. ანუ ეს მთელი მოსახლეობის 7%“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.