მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ჩაითვლებიან საყოველთაო აღწერის დროს საქართველოს მაცხოვრებლებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები?

თბილისი

საქართველოში მომდევნო წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა არის დაგეგმილი. ბოლოს აღწერა 10 წლის წინ ჩატარდა, შესაბამისად სახელმწიფო გეგმავს თავიდან ზუსტად გადათვალოს თუ სად და რამდენი მუდმივი მაცხოვრებელია ქვეყანაში. 

დაგეგმილი აღწერის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “საქმის კურსში” საქსტატის გენერალურმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში საქსტატი აიდენტიფიცირებს ყველა შენობა ნაგებობას და დგინდება შესაბამისი მონაცემთა ბაზები, რათა აღწერისას გამოკითხვამ მთელი მოსახლეობა მოიცვას. 

“იმისთვის, რომ სრულფასოვნად და სრულყოფილად შევძლოთ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება მომავალ წელს, წინაპირობას წარმოადგენს მოსამზადებელი სამუშაოები: ქვეყანაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება, მათი სიის შედგენა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სიითი შემადგენლობის განსაზღვრა მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, კარდაკარ გამოკითხვის პრინციპით, სულ ორი ტიპის კითხვა ისმება. ერთი ოჯახის ერთ-ერთი წევრის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ და მეორე, რამდენი ადამიანი ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე მუდმივად”, - ამბობს გოგიტა თოდრაძე.

მოსახლეობის სტატისტიკაში ითვლება ყველა პირი ვინც საქართველოში დროის გარკვეულ პერიოდში (ბოლო 12 თვე მაინც) მუდმივად ცხოვრობს, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა. ანალოგიურად, საქართველოდან ემიგრირებული პირები აღირიცხებიან სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებად თუკი კონკრეტული გამოკითხვის დროს ბოლო 12 თვე აღნიშნულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. 

დღეს საქსტატმა მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. უწყება აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში გაჟღერებული მოსაზრება, რომ აღწერა და 2024 წლის არჩევნები, ასევე საარჩევნო სიები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, სიმართლეს არ შეესაბამება. 

“აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UN) მჭიდრო თანამშრომლობით. შესაბამისად, გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით, პირი ითვლება მუდმივ მაცხოვრებლად, თუ ის კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ამ მეთოდოლოგიას იყენებს გაეროს წევრი 200-მდე ქვეყანა და არავითარ კავშირში არ არის არჩევნებში პირის მონაწილეობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან. იგი წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს და გამოიყენება მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიურ პირობებში არიან ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში (გერმანია, საბერძნეთი, აშშ, იტალია და ა.შ.), არიან შესაბამისი ქვეყნისთვის მუდმივი მოსახლეობა, მაგრამ ეს მათ არ აძლევს იმ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

ამასთან, აღწერა ტარდება არჩევნების შემდეგ (2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში), შედეგები კი გამოქვეყნდება 6 თვეში და შესაბამისად, შემხებლობაში არ არის ერთმანეთთან,”- ნათქვამია საქსტატის განმარტებაში. 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 62 ათასამდე რუსი ემიგრანტი შემოვიდა, ოფიციალურ სტატისტიკაში ეს პირები ემიგრანტებად აღირიცხნენ იმიტომ რომ ქვეყანაში გასულ წელს 6 თვეზე მეტი დაჰყვეს, თუკი მათგან კონკრეტული პირები ქვეყანაში 12 თვეზე მეტხანს დაყოფენ და აღწერის დროსაც საქართველოში იმყოფებიან, მაშინ ისინიც 2024 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობის შემადგენლობაში შევლენ. 

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა ამჟამად 3,736,400-ს შეადგენს. მოსახლეობაში შედიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე არამოქალაქეები.

რაც შეეხება მათ ვინც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან პასპორტს ფლობს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანახმად, მათი რაოდენობა 3,792,261 ადამიანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები