მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწარმეებმა ელ.ენერგიის ტარიფის სუბსიდირებით სარგებლობისთვის განაცხადი უნდა შეავსონ

5ffeeb3a1e7e4
ინგა მურუსიძე
13.01.21 17:11
692
გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებელმა მეწარმეებმა, ელექტროენერგიის ტარიფის ნაწილობრივი სუბსიდირების სარგებლობისთვის, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity . ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, ამასთან, ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

„სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში: მეფრინველეობა; ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; ხორცის პროდუქტების წარმოება; თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება; სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის“, - განმარტავენ სამინისტროში.