მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგფ დინამოს სტადიონის რეაბილიტაციას გამარტივებული შესყიდვით ითხოვს- ბიუჯეტი 5.9 მლნ ლარია

639749ebc5f96
ანუკა ჯოხაძე
12.12.22 21:27
1527
მუნიციპალური განვითარების ფონდი შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თხოვნით მიმართავს. საქმე ეხება ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის „დინამო არენა“-ს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

როგორც უწყების მხრიდან წარმოდგენილ დასაბუთებაში წერია, ფეხბურთში უეფას 21-წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩატარება 2023 წლის ივნისშია დაგეგმილი, ხოლო უეფას მოთხოვნის თანახმად სატესტო მატჩი 2023 წლის მაისში უნდა გაიმართოს.

მათი განმარტებით, ელექტრონული ტენდერის საშუალებით ყველაზე შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულებები შეიძლება გაფორმდეს ერთი თვის ვადაში, ხოლო შესასყიდი სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით დათქმულ ვადაში შეუძლებელი იქნება სპორტული ღონისძიების ჩატარება.

ამასთან, მგვ-ს დასაბუთებით, არსებობს მაღალი რისკი, რომ წინა ტენდერების მსგავსად (NAT 220023913 და NAT 220021780 ) ახალი ელექტრონული ტენდერიც დასრულდეს იგივე არასასურველი შედეგით. ხოლო, უეფას წარმომადგენლები მოსალოდნელი რისკების დაზღვევის მიზნით ითხოვენ მყარ გარანტიებს, რომ ხელშეკრულებები დროულად გაფორმებული იქნას და აღნიშნული სამუშაოების შემჭიდროებულ ვადებში განხორციელება მოხდეს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის N748 განკარგულების უზრუნველსაყოფად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის „დინამო არენას“ სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადდა NAT 220023913 და NAT 220021780 ელექტრონული ტენდერები, თუმცა აღნიშნული ტენდერები დასრულებული იქნა სტატუსით - „არ შედგა“.

ტენდერები, რომელიც ორივე ჯერზე ჩავარდა, სტადიონის რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას გულისხმობდა. შესყიდვის ღირებულება კი 1 859 746 ლარი იყო.

გამარტივებული შესყიდვა კი რომლის განხორციელების მიზნით მგფ-მა შესყიდვების სააგენტოს მიმართა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის „დინამო არენა“-ს სარეაბილიტაციო სამუშაოებს გულისხმობს. ამ შემთხვევაში სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და 5 992 550 ლარია.