მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მგზავრები გვწერენ, რომ მიკროავტობუსის მძღოლები გაჩერებებზე ტრანსპორტს არ უჩერებენ” - საკრებულოს წევრი

6260327d44b26
ანუკა ჯოხაძე
20.04.22 21:30
18976
ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. მგზავრები აცხადებენ, რომ ტრანსპორტთან გრძელი რიგებია და არსებული ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის. მგზავრების ინფორმაციით, ძირითადი პრობლემები მიკროავტობუსების შემთხვევაშია.

საკრებულოს წევრი გიორგი შარაშიძე პრობლემას ტრანსპორტის რეფორმაში ხედავს, რომელიც კალაძის მთავრობამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღემდე არაკომპლექსურად ახორციელებს. მისი თქმით, პროცესები დროში იწელება, რაც საბოლოო ჯამში ქალაქში გადაადგილების პრობლემებს ქმნის.

მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როცა მიკროავტობუსის მძღოლები გაჩერებებზე ტრანსპორტს არ აჩერებენ, მაშინ როდესაც მიკროავტობუსში ადგილებია. საკრებულოს ოპოზიცია მერიას ამ მიმართულებით მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

“საკითხს უნდა შევხედოთ კომპლექსურად, როდესაც ჩვენ ვუსმენთ თბილისის მერს ან მერიის მაღალჩინოსნებს, რომლებიც თითქოს ვალს ადებენ თბილისელებს, რომ შეისყიდეს ავტობუსები და ახალი მიკროავტობუსები. ეს მიკროავტობუსები კი ბიუჯეტის ფულით არის ნაყიდი კერძო კომპანიისთვის, რომელიც ამ მომსახურებას ახორციელებს. ამ ბოლო დროს ამ კერძო კომპანიის თანამშრომლების მხრიდან გახშირებულია დაუდევრობა და საკუთარი მოვალეობის არასათანადო შესრულება. ეს იმიტომ, რომ მათ შეეცვალათ ანაზღაურების სისტემა. ეს არ არის ჩვენი პრობლემა, არ აინტერესებს და არ აწუხებს თბილისელს, მისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს ხარისხიანი მომსახურება. მიკროავტობუსი უნდა გაჩერდეს იქ, სადაც არის საჭირო და მძღოლი მათ უნდა მოემსახუროს ისე, როგორც საჭიროა. ჩვენი მოქალაქეები გვწერენ, რომ ეს სამწუხაროდ, ასე არ ხდება.” - აცხადებს საკრებულოს წევრი გიორგი შარაშიძე.

მგზავრებისა და საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა უპასუხა, რომელიც აცხადებს, რომ ამ კუთხით მონიტორინგი მკაცრად ხორციელდება და დარღვევების შემთხვევაში მძღოლები ჯარიმდებიან.

“მონიტორინგი მიკროავტობუსების იმაზე ბევრად მკაცრად ხორციელდება, ვიდრე აქამდე ყოფილა. მიკროავტობუსების მძღოლები ყოველგვარ გადაცდომაზე ჯარიმდებიან, ამისი გამოძახილია ნაწილობრივ ისიც, რომ მძღოლები არ აჩერებენ გაჩერებებზე. თქვენ იცით, რომ მიკროავტობუსში ფეხზე დადგომა აკრძალულია. შესაბამისად, როდესაც მიკროავტობუსი არის გავსებული, მძღოლი აღარ აჩერებს გაჩერებაზე.”-აცხადებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი.