მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიგრანტების ახალი ნაკადი უძრავი ქონების ქირას კიდევ გააძვირებს“ - TBC Capital-ი

632c7a824cb3f
ელენე გოგბერაშვილი
23.09.22 10:14
1614
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. TBC Capital-ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის უახლესი კვლევის თანახმად, აგვისტოში წლიურად დედაქალაქში ბინის დაქირავება თითქმის 80%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასს, TBC Capital-ის თანახმად, თბილისში მისი ფასი წლიურად 26.5%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია. ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი უძრავი ქონება დიდ დიღომში კრწანისსა და საბურთალოზე გაიყიდა. გაძვირებულია იჯარაც, რამაც წლიურად 60% შეადგინა.

უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, რიგი კატეგორიის ფართების ქირავნობა თბილისში ფაქტობრივად შეუძლებელია. ფასი გაიზარდა უძრავი ქონების შეძენაზეც. კომპანიები არ გამორიცხავენ, რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ, საქართველოში მიგრანტების ახალი ნაკადის შემოსვლა გამოიწვიოს, რაც ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.

„აქტიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც რუსეთს ტოვებს. ძირითად მიმართულებებს თუ დავაკვირდებით გაყიდული ავიაბილეთების მიხედვით, არის თურქეთი და სომხეთი. სავარაუდოდ ამ ადამიანების ნაწილი მაინც საქართველოში აღმოჩნდება. თითქმის შეუძლებელია თქმა, რა გავლენა ექნება ამას, თუმცა ქირაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს მომავალში“, - აცხადებს TBC Capital-ის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე.

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო საქართველოში მიგრანტების ახალი ნაკადის შემოსვლას არ გამორიცხავს "რენტალსის" მმართველი პარტნიორიც.

„ღმერთმა ქნას ეს ომი მალე დასრულდეს, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ეს ხალხი უკან მაშინვე წავა? არა, რადგან ომის დასრულება არ ნიშნავს რეჟიმის სიმკაცრის შესუსტებას რუსეთში. პირველი ტალღა გამოექცა რეჟიმს, ახლა მეორე ტალღა, რომელიც ლარსის საზღვარზე დგას, ეს შესაძლო მობილიზაციას გამოურბის. შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს წნეხი ბაზარს მარტივად და მალე მოშორდეს“,- აცხადებს ზურაბ ერისთავი "რენტალსის" მმართველი პარტნიორი.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვრიდან 8 აგვისტომდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული ქონების რაოდენობა 3600-მდე იყო, ყველაზე მეტი 717 ერთეულის რეგისტრაცია კი ივლისში განხორციელდა. ამასთან, სადეპუტატო კითხვის პასუხად იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ 2022 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში უძრავ ქონებას რუსეთის 22 719 რუსეთის მოქალაქე ფლობს. ამასთან გაზრდილია ბინადრობის ნებართვების რაოდენობაც. მიმდინარე წლის 7 თვეში ასეთი დოკუმენტი 2017-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო.