23.ოქტომბერი .2020 17:52

მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობას მერია სპეციალური სისტემით გააკონტროლებს

მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობას მერია სპეციალური სისტემით გააკონტროლებს
views 1035
უკან

მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობას თბილისი მერია სპეციალური სისტემით გააკონტროლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მიიღო და ძალაში ხვალიდან შედის, თუმცა ეს არაა ერთადერთი სიახლე, რომელიც მიკროავტობუსებს შეეხება.

საქმე იმაშია, რომ თბილისის მერია GPS-ის მეშვეობით მიკროავტობუსების გადაადგილების სიჩქარესაც გააკონტროლებს.

გარდა ამისა, თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მიკროავტობუსებში გადახდის წესი იცვლება და იქ მხოლოდ ელექტრონული გადახდა იქნება შესაძლებელი. სხვათა შორის ეს სიახლე გავრცელდება ახალ ავტობუსებზეც.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზები, რომლებიც ხვალიდან გაეშვება, იმუშავებს ზუსტად იგივე ტარიფებით, რომელიც დღემდე მოქმედებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე, საშეღავათო ტარიფები, რომელიც არსებობდა, იგივე იქნება ახალ ქსელშიც, თუმცა სიახლეა ის, რომ გადახდა მხოლოდ ელექტრონული საშუალებით მოხდება. ყველას შეუძლია შეავსოს ანაგრიში, ბანკომატები ბევრ ადგილას დგას“, - განაცხადა ხმალაძემ.

ასევე, იცვლება მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურების წესიც და მათი ხელფასი იქნება არა - გამომუშავებაზე დამოკიდებული, არამედ - ფიქსირებული.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქმედებს მიკროავტობუსების ბაზარზე სისტემა, სადაც მძღოლის შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენჯერ გაივლის მარშრუტს. შესაბამისად, ხდება გრაფიკიდან გადაცდომა. ყველას გვისარგებლია მიკროავტობუსით და მგზავრების რაოდენობა ყოველთვის არის გადაჭარბებული. ჩვენ მიკროავტობუსებში, რომელიც ახალი სისტემით იმოძრავებს, ხელფასს მივცემთ ფიქსირებულად, ხოლო გრაფიკიდან გადაცდომასა და მგზავრების რაოდენობას გავაკონტროლებთბ GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით“, - განაცხადა დღეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება იმას, დაახლოებით, რამდენი იქნება მძღოლების ყოველთვიური ანაზღაურება, მერიაში ამბობენ, რომ ამას თავად კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განსაზღვრავს და მერია არ ჩაერევა.

კიდევ ერთი სიახლე, რაც მიკროავტობუსებს ეხება, ისაა, რომ მათი რაოდენობა განახევრდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ახალი ავტობუსების და მიკროავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა, დედაქალაქში ნაცვლად 3 000 მიკროავტობუსისა, იმოძრავებს 1200-1500-მდე ერთეული.

“მეტის საჭიროება არ არის”, - აღნიშნა კახა კალაძემ და იქვე დასძინა, რომ დღეს დედაქალაქში უკვე შემოყვანილია 200 ახალი მიკროავტობუსი. თბილისის მერია პირველ ეტაპზე სულ 300 ახალი ერთეულის შეძენას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა